თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. წმინდა სამების საკათედრო ტაძარში გამოფენილ წმინდა მატრონა მოსკოველის ხატს, რომლის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ბელადი იოსებ სტალინია გამოსახული, უცნობმა პირებმა საღებავი გადაასხეს. კადრები ეკოაქტივისტმა ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ხატთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა შობის წინა დღეს გამოაქვეყნა ვიდეო სამებიდან, სადაც ხატის ერთ-ერთ სიუჟეტურ ფრაგმენტზე გამოსახულია სტალინი. თავის პოსტში ოპოზიციონერმა სტალინს საქართველოს დამოუკიდებლობის განადგურების ინიციატორი, ათასობით სამღვდელო პირის მკვლელი და საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის შემქმნელი უწოდა.
ამასთან, როგორც კადრიდან ჩანს, საღებავი ვერ მოხვდა იმ ადგილზე, სადაც სტალინია გამოსახული.
საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.