თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. ქართველ ფერმერებს მარაგში აქვთ დარჩენილი 70.000 ტონაზე მეტი ხორბალი და მისი ჩაბარება წისქვილკომბინატებში დაბალი ფასის გამო არ სურთ, განაცხადა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მარცვლეულის მწარმოებლების თქმით, გაზრდილი საწარმოო ხარჯების გამო, ხორბლის ფასი მის თვითღირებულებასაც კი ვერ ფარავს. საქართველოში შემოტანილ ფქვილზე საბაჟო გადასახადის შემოღების შემდეგ იყო მოლოდინი, რომ ქარხნები 1 კილოგრამ ხორბალს 70 თეთრად შეიძენდნენ, თუმცა ამ ეტაპზე ღირებულება 50-55 თეთრის ფარგლებშია. ფერმერები ამბობენ, რომ ასეთ პირობებში ადგილობრივი წარმოება შემცირდება, ხარისხი კი დაიკლებს.
„ჩემი შეფასებით, ფერმერებს მარაგში დაახლოებით 70.000 ტონაზე მეტი ხორბალი აქვთ დარჩენილი, რაც ნელ-ნელა იყიდება და ხორბლის ხარისხის შენარჩუნებას დამატებითი სახსრების დამატებით ვახერხებთ“, - განმარტა ბენიაიძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
მისი თქმით, ამ მარაგების დიდი ნაწილი გამოსადეგია საფურაჟედ და მხოლოდ 20% - საპურე ხორბალია, მაგრამ ისიც არ არის გაყიდული.
„ამის მიზეზი ის არის, რომ სამინისტროს, მეხორბლეებსა და წისქვილებს შორის მიღწეული შეთანხმება იმის, რომ 1 კგ ხორბალი 70 თეთრად შეეძინათ, ვერ შესრულდა, რადგან საერთაშორისო ბაზარზე არსებული მარცვლეულის დაბალი ფასი შიდა ბაზარზე ხორბლის ღირებულების ფორმირებაზე მოქმედებს და დაბლა სწევს“, - განმარტა მან.
ბენიაიძის თქმით, მარაგების რეალიზების შეფერხება ფერმერებისთვის პრობლემური საკითხია, რადგან თანხებს ვერ იღებენ დ ახალი მოსავლის ხარისხის უზრუნველსაყოფად საჭირო სამუშაოების ჩატარებას ვერ ახერხებენ.
ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ეს ახალი მოსავლის ხარისხზე მნიშვნელოვან ზეგავლენას იქონიებს. დარგის წარმომადგენელი იმასაც განმარტავს, რომ პრობლემური 2023 წლის შემდეგ ფერმერთა დიდმა ნაწილმა ხორბალი აღარ დათესა.
მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთ გამოსავლად ფერმერთა გაერთიანების ხელმძღვანელი მთავრობის მიერ ხორბალზე, ქერსა და ქატოზე დაწესებული საიმპორტო გასულ წელს ამოქმედებული გადასახადის მოქნილობას ასახელებს, რომელიც უნდა დაეხმაროს ქართულ ხორბალს კონკურენცია რუსულს გაუწიოს.
ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ადგილობრივ ბაზარზე მისი რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის 12 ივნისიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, 200 კილოგრამზე მეტი ხორბლის ფქვილის იმპორტი იბეგრებოდა 20 თეთრით ერთ კილოგრამზე. ოქტომბრის დასაწყისში დროებითი გადასახადი 2024 წლის 1 მარტამდე გაგრძელდა და გადასახადის ოდენობა გაიზარდა 25%-ით, ანუ გადასახადი 1 კილოგრამ ფქვილზე 25 თეთრით განისაზღვრა.
რთული დრო
რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადის დაწესების და ფქვილის იმპორტის ზრდის პირობებში საქართველოში ყველა წისქვილკომბინატმა შეაჩერა წარმოება, როგორც ეს 2021 წელს მოხდა. შედეგად, ქართველი ფერმერები ვერ ახერხებდნენ დასაწყობებული, დაახლოებით 40-50 ათასი ტონა ხორბლის რეალიზებას, რადგან ხორბლის მარაგები გადავსებული იყო.
ქართველი მეწისქვილეებისთვის პირველად რთული პერიოდი დადგა 2021 წლის ზაფხულში, როდესაც რუსეთმა მარცვლეულის ექსპორტზე მცურავი ბაჟის მექანიზმი დააწესა. შესაბამისად, საქართველომ რამდენჯერმე გაზარდა ფქვილის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან, რაზეც საექსპორტო გადასახადი არ არის დაწესებული. ამიტომ 2022 წელს ხორბლის იმპორტი 30%-ზე მეტით შემცირდა. შედეგად კი ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატმა შეწყვიტა მუშაობა.
წისქვილებმა ხორბლის შემოტანა და წარმოების ზრდა მხოლოდ გასული წლის ბოლოსკენ დაიწყეს, როდესაც ხორბალზე ექსპორტის გადასახადის მცურავი განაკვეთი შემცირდა.
მეორედ წისქვილკომბინატებში წარმოების კრიზისი დადგა 2023 წლის მარტში რუსეთიდან ფქვილის იმპორტის ზრდისა და ხორბალზე საექსპორტო გადასახადის ზრდის გამო.
საქართველოს წელიწადში დაახლოებით 800 ტონა ფქვილი სჭირდება. ქვეყანაში მოხმარებული ხორბლის ფქვილის დიდი ნაწილი (78 პროცენტამდე) რუსეთიდან შემოდის. რუსეთი საქართველოში ხორბლისა და ფქვილის ყველაზე მსხვილ მომწოდებლად რჩება.