თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლისთვის ბოიკოტის გამოცხადებას არ აპირებს, მიუხედავად მმართველი გუნდის მისი ლეგიტიმურობისადმი დამოკიდებულებისა, განაცხადა დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ.
რეგლამენტის თანახმად, ზურაბიშვილმა პარლამენტს ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარუდგინოს. ამ თარიღის შეცვლა პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება. ზურაბიშვილისთვის ეს პრეზიდენტის რანგში მეხუთე და უკანასკნელი გამოსვლა იქნება დეპუტატების წინაშე. პირველად პარლამენტში ანგარიშით ის 2019 წლის მარტში წარდგა.
„არ მგონია, ვინმეს ნათქვამი ჰქონდეს, რომ ბოიკოტს აპირებს. თქვენ იცით სალომე ზურაბიშვილის, მისი ლეგიტიმაციის თაობაზე ჩვენი დამოკიდებულება, თუნდაც მას შემდეგ, როცა მისი მხრიდან კონსტიტუციის უპატივცემულობა ვიხილეთ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილია. ამ ყველაფრის ფონზე, ეს ყველაფერი საკმაოდ რთულად გამოიყურება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი პროცედურებს პატივისცემით ეკიდება.
სარჯველაძის განცხადებით, ზურაბიშვილი პარლამენტში გასულ წელსაც გამოვიდა.
„თუმცა არ მგონია, რომ ეს ანგარიში იყო, ეს იყო ოპოზიციური ფლანგიდან გაკეთებული განცხადებები“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის დეპუტატების წინაშე ყოველწლიური ანგარიშით ბოლო გამოსვლისას მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყნის პროდასავლური კურსის შეცვლაში დასდო ბრალი.
თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მან ყველა ხერხი – პირადი კონტაქტები, კავშირები, ოფიციალური ვიზიტები, საერთაშორისო ტრიბუნები და მასმედია – გამოიყენა იმისთვის, რომ დაეცვა და განემტკიცებინა საქართველოს ევროპული მისწრაფებები.
ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2024 წლის შემოდგომის ბოლომდე იქნება. „ქართული ოცნების“ ლიდერები, რომლის მხარდაჭერის წყალობითაც ის პრეზიდენტი გახდა, ახლა აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ოპოზიციას შეეკრა.
პრეზიდენტი და „ოცნება“
მმართველმა პარტიამ 2023 წლის ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მხარდასაჭერად ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ შეაგროვა მიუხედავად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომ მან საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭირო იყო 100 დეპუტატის ხმა, მაგრამ ამას მხარი მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა ზურაბიშვილის უცხოეთში ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე. საკონსტიტუციო სასამართლომ 2023 წლის 16 ოქტომბერს მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია კონსტიტუცია 2023 წლის აგვისტოსა და სექტემბერში საზღვარგარეთული ვიზიტების განხორციელების დროს.
იმავე დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ამიერიდან სალომე ზურაბიშვილი არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი. მისი თქმით, ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად არის პრეზიდენტი.