თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტომ კინოთეატრების ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზარზე კანონის „კონკურენციის შესახებ“ დარღვევა დაადგინა და სამი, მათ შორის, მომჩივანი კომპანია 1, 6 მილიონი ლარით დაჯარიმა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტო საკითხის შესწავლას 2023 წლის გაზაფხულზე შეუდგა ონლაინ–პლატფორმა biletebi.ge–ს საჩივრის გამო. საჩივარი მიმართული იყო მეორე პლატფორმა tkt.ge–სა და მფლობელი კომპანია „თინეთის" მიმართ. TKT.GE–მ 2022 წლის 31 დეკემბერს შეთანხმება დადო „სადისტრიბუციო კომპანიასთან“, რომლის თანახმად საქართველოს ექვს ძირითად კინოთეატრში ბილეთების ონლაინ–გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მიიღო.
უწყების ინფორმაციით, კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევად იქნა შეფასებული შპს „სადისტრიბუციო კომპანიას“ და შპს „თინეთს“ შორის ექსკლუზივის პირობით გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც კინოთეატრების ბილეთების რეალიზების უფლებას მხოლოდ „თინეთის“ მფლობელობაში მყოფ პორტალ tkt.ge-ს აძლევდა.
გარიგების მონაწილედ იქნა მიჩნეული მომჩივანი შპს „ელ.ბილეთები“’, რომელიც, თავის მხრივ, ცდილობდა ექსკლუზივის მოპოვებას თავის მფლობელობაში მყოფ პორტალზე biletebi.ge.
სააგენტოში აღნიშნეს, რომ მოკვლევის საწყის ეტაპზე, სააგენტოს მიმართვის საფუძველზე, სასამართლომ „სადისტრიბუციო კომპანიას“ ექსკლუზიური პირობის გამოყენება შეუჩერა.
„შესაბამისად, მოკვლევის დასრულებამდე და სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ბაზარზე მომჩივან კომპანიას უკვე მიეცა ოპერირების საშუალება, რითიც გაიხსნა ჩაკეტილი ბაზარი და შეიქმნა კონკურენტული გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოკვლევა ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ მიმდინარეობდა, თუმცა სს „თიბისი ბანკისა“ და TBC Bank Group PLC-ს მიმართ კანონის მე-7 მუხლის („კონკურენციის ესახებ“) დარღვევა არ დადგინდა. აგრეთვე, კანონის მე-6 მუხლის („ექსკლუზივი“) დარღვევა არ დადასტურდა შპს „სადისტრიბუციო კომპანიის“ მიმართ.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოპასუხე კომპანიებს – შპს „სადისტრიბუციო კომპანიასა“ და შპს „თინეთს“ დაევალათ ხელშეკრულების მე-6 მუხლისა („ექსკლუზივი“) და მასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების ამოღება და ხელშეკრულების კონკურენციის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
გარდა ამისა, ბილეთების ონლაინ–რეალიზაციის ბაზრის გაჯანსაღების მიზნით სამი განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გაიცა, კერძოდ: ბილეთების ონლაინ რეალიზაციის მიზნით, პარტნიორი ეკონომიკური აგენტის/აგენტების შერჩევის პროცესი განხორციელდეს საჯარო, ღია და ხელმისაწვდომი საკონკურსო პირობების გათვალისწინებით, ხოლო შერჩევის პროცესში მონაწილეობის მიღება უზრუნველყოფილ იქნას ყველა დაინტერესებული ეკონომიკური აგენტისთვის.
ასევე ბილეთების დისტრიბუტორებმა, ორგანიზატორებმა, ონლაინ რეალიზატორებმა სახელშეკრულებო ურთიერთობები აწარმოონ იმგვარად, რომ ის არ აწესებდეს გაუმართლებელ ბარიერს ბაზარზე შესასვლელად და არ ზღუდავდეს ეკონომიკური აგენტების მონაწილეობას შესაბამის ბაზარზე.
გარდაუვალი აუცილებლობით ექსკლუზიური მიწოდების პირობის გამოყენების შემთხვევაში უნდა იყოს არგუმენტირებულად დასაბუთებული, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლებელია სააგენტოს განხილვის საგანი გახდეს.
სანქცირებულ კომპანიებს სააგენტოს გადაწყვეტილების თბილისის საქალაქო სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვთ.
2023 წელს სააგენტომ დაასრულა რვა მოკვლევა დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, შეთანხმებული ქმედების და სახელმწიფო ადმინისტრაციული უწყებების მხრიდან კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის მიმართულებით. აქედანერთშემთხვევაში დარღვევა არ დადგინდა, ერთ შემთხვევაში განმცხადებლის მოთხოვნით შესწავლა შეწყდა, ექვს შემთხვევაში დარღვევა დადგინდა.
მოკვლევები ეხებოდა საავტომობილო საწვავის, თამბაქოს, ფარმაციის, საზღვაო გადაზიდვების, კინოთეატრების ელექტრონული ბილეთების რეალიზაციის, ავტოტექნიკური ინსპექტირების, სწრაფი კვების მომსახურების და სამშენებლო/ინფრასტრუქტურული მომსახურების ბაზრებს.
გარდა ამისა, ამ დროისთვის მიმდინარეობს ორი მოკვლევა ავტობაზრობის და საკვები პროდუქტების ბაზრების მიმართულებით.