თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. თბილისში, სამგორის რაიონში 19.000 აბონენტს გაზის მიწოდება სარემონტო სამუშაოებისას გაზსადენის დაზიანების გამო შეუწყდა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ პრესსამსახური.
„თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ჯავახეთის ქუჩაზე სარემონტო სამუშაოების დროს კომპანიის კუთვნილი გაზსადენი დაზიანდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გაზმომარაგება 17:00 საათიდან შეუწყდა.
გაზმომარაგების აღდგენა 9 იანვარს დილის 10:00 საათიდან დაიწყება და 22 საათისთვის სრულად აღდგება.
საცხოვრებელი კორპუსების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე კომერციულ ობიექტს, კერძოდ ვარკეთილის ბაზრის მიმდებარედ, სამედიცინო დაწესებულებებს, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, შსს-ს ეკონომიკის დეპარტამენტს და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“.
„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და სთხოვს, არ დატოვონ გაზის დანადგარები უყურადღებოდ.