მგზავრთნაკადი თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში კვლავ იზრდება – ახალი მონაცემები

TAV Georgia–მ საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.
Sputnik
თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. მგზავრთნაკადი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის დეკემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16%–ით გაიზარდა, იუწყება მედიაპლატფორმა BMG თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia–ს ინფორმაციაზე დაყრდნობით.
თბილისის აეროპორტი დეკემბერში მოემსახურა 303.620 მგზავრს და ამით 2019 წლის ანალოგიური მაჩვენებელი 37%–ით გაზარდა.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, დეკემბერში ამ აეროპორტით ისარგებლა 28.556–მა მგზავრმა, რაც 2022 წლის დეკემბრის მაჩვენებელზე 13%–ით და 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 9%–ით მეტია.
თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს თურქული კომპანია TAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილიკომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო. ამ კომპანიასთან კონტრაქტი 2027 წლამდეაგაფორმებული.
საქართველოში განხორციელებული 220 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები.
რამდენმა ადამიანმა ისარგებლა საქართველოს აეროპორტებით - ახალი მონაცემები>>
2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა ახალი მოფრენის ტერმინალი.
მრავალმილიონიანი ინვესტიციების წყალობით, TAV Georgia ერთ–ერთი ყველაზე სანდო, სტაბილური და დინამიკური კომპანია გახდა საქართველოში. ამჟამად კომპანიაში 1,3 ათასი ადამიანია დასაქმებული.