მსოფლიო დღეს

დანაშული ადამიანურობის წინააღმდეგ: გაეროს ექსპერტების მძიმე დასკვნა 7 ოქტომბრის ტერაქტზე

Sputnik
თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელის მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმები და მათ მიმართ ჩადენილი სექსუალური და ფიზიკური ძალადობა შესაძლოა ადამიანობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად იყოს კვალიფიცირებული, ნათქვამია გაეროს სპეციალური მომხსენებლების განცხადებაში, რომელიც ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა (OHCHR) გაავრცელა.
გაეროს ექსპერტთა ბრალდებები მოიცავს საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებს: მკვლელობებს, მძევლების აყვანასა და წამებას — მათ შორის სექსუალურ წამებას.
„სანამ შეიარაღებული პალესტინური დაჯგუფებები ღაზის სექტორის მოსაზღვრე ისრაელის სოფლებში თარეშობდნენ, ათასობით ადამიანი დაექვემდებარა მიზანმიმართულ და სასტიკ თავდასხმებს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეობა იყო. განსაკუთრებით შემზარავია სექსუალური ძალადობის შესახებ მტკიცებულებების მზარდი რაოდენობა“, — აცხადებენ მომხსენებლები.
გაეროს ექსპერტების თქმით, ადამიანები, სავარაუდოდ, ცოცხლად დაწვეს საკუთარ სახლებში ან თავშესაფრებში. ნაპოვნია თავმოჭრილი და დასახიჩრებული გვამები, ბევრ ცხედარს სიკვდილით დასჯისა და უშუალოდ სიკვდილის წინ ცემის აშკარა ნიშნები ეტყობოდა.
როგორც OHCHR-ის საიტზეა ნათქვამი, სექსუალური წამების ბრალდებები მოიცავს ცალკეულ თუ ჯგუფურ გაუპატიურებას, სექსუალურ ძალადობას, სასქესო ორგანოების ცეცხლსასროლი იარაღით დასახიჩრებას. ნაპოვნია სრულად გაშიშვლებული ან წელამდე ტანსაცმელაწეული ქალების ცხედრები.

„ეს ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას, რაც ომის დანაშაულის ტოლფასია. მსხვერპლთა რაოდენობის, თავდასხმების განზრახვისა და დაგეგმვის გათვალისწინებით, ეს შეიძლება ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად კვალიფიცირდეს“, — აცხადებენ ექსპერტები.

მათი თქმით, „არ არსებობს გარემოებები, რომლებიც ამგვარ ქმედებებს გაამართლებს“. ამასთან ისინი ხაზს უსვამენ, რომ თითოეული მსხვერპლი იმსახურებს აღიარებას, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიისა თუ სქესისა.
„ჩვენი როლია, ვიყოთ მათი ხმა“, — აცხადებენ გაეროს სპეციალური მომხსენებლები.
ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე, დაიცვან საერთაშორისო სამართალი და გამოიძიონ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის დროს შეიძლება ხდებოდეს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტებმა უკვე გაუგზავნეს წერილი გაეროში პალესტინის წარმომადგენლებს და ჰამასის ხელმძღვანელობას, და ამ ძალადობის გამოძიება მოითხოვეს. წერილის ასლი ასევე გაეგზავნა ისრაელის ხელისუფლებას.
დოკუმენტს ხელს აწერენ ალისა ჯილ ედვარდსი — სპეციალური მომხსენებელი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა-დასჯის საკითხებში და მორის ტიდბოლ-ბინცი — სპეციალური მომხსენებელი სასამართლოს გარეშე, ჯგუფური ან თვითნებურად სიკვდილით დასჯის საკითხებში.