თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს 2026 წელს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო უმასპინძლებს. ამის შესახებ გაერომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.
როგორც იუსტიციის სამინისტრო აღნიშნავს, ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა 2023 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე განიხილეს. დადებითი გადაწყვეტილება ოფიციალური წერილით დადასტურდა.
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ლი ჯუნჰუა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილში საჯარო ადმინისტრირების მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის საჯარო ადმინისტრირების, როგორც მდგრადი განვითარების ეფექტური ხელშემწყობი მექნიზმის, გაძლიერებისთვის და მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან მუშაობას 2026 წლის ფორუმის მოსამზადებლად", – აღნიშნულია წერილში.
რატი ბრეგაძემ ლი ჯუნჰუასთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ სწრაფი, ეფექტური და მომხმარებელზე მორგებული სახელმწიფო სერვისები საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და ზოგადად მთავრობის სავიზიტო ბარათია. სერვისებზე ხელმისაწვდომობას უწყება მუდმივად აუმჯობესებს, მათ შორის, ციფრული და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
გაეროს საჯარო სერვისების ფორუმში ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნის 800-დან 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სამთავრობო ლიდერები, წამყვანი პოლიტიკოსები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში მონაწილეები საჯარო სერვისების მიმართულებით თანამედროვე გამოწვევებზე, ინოვაციურ პრაქტიკებსა და სტრატეგიული განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ.