თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. თბილისში ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე მიწისქვეშა გაზსადენზე ავარიის გამო 12 ათასზე მეტი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა, იუწყება გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი".
ავარია 7 იანვარს გვიან ღამით მოხდა. კერძო სახლების გარდა, გაზი არ მიეწოდება რამდენიმე რესტორანს, სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ბაზრობას ისნის რაიონში. ქუჩების სრული ჩამონათვალი იხილეთ ამ ბმულზე.
გაზის მიწოდების აღდგენა 8 იანვარს დილის 10:00 საათზე დაიწყო და 22:00 საათისთვის დამთავრდება.
„გთხოვთ, არ დატოვოთ გაზის დანადგარები უყურადღებოდ. ონკანები კი იქონიეთ დაკეტილ მდგომარეობაში", - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.
„თბილისი ენერჯი" აბონენტებს სხვა კომპანიის მიერ შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.