საქართველო ქრისტეშობას ზეიმობს

თბილისში რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე ყოველწლიური საშობაო მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
Sputnik
თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. საქართველოში მართლმადიდებლები დღეს, 7 იანვარს ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს — ქრისტეშობას აღნიშნავენ.
შობის ღამეს საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში სადღესასწაულო ღვთისმსახურება შედგა.
ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში ღამისთევის მსახურება საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) აღავლინა. წირვის დაწყებამდე ტაძარში პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
ომები და ხელოვნური ინტელექტი: ილია მეორე საშობაო ეპისტოლეში მწვავე თემებს შეეხო>>
შობას საქართველოს მცხოვრებნი ფანჯრებთან დანთებული სანთლებით შეხვდნენ. ამ ტრადიციის დამკვიდრებისაკენ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს რამდენიმე წლის წინ მოუწოდა და იგი უკვე შობის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილი გახდა.
კვირას, 14:00 საათზე თბილისში, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე, ყოველწლიური მსვლელობა „ალილო“ გაიმართება.
ხვალ თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება: დეტალური ინფორმაცია>>
„ალილოს“ მსვლელობის ისტორია 15 საუკუნეს ითვლის და მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — მსვლელობის მონაწილეებს თბილისელები გადასცემენ საჩუქრებს, საახალწლო ნობათსა და ფულად შემოწირულობებს, რაც შემდეგ დღეებში გაჭირვებულებს, ობოლ ბავშვებს და მოხუცებულთა სახლის ბინადრებს დაურიგდება.