თავდასხმა ჟურნალისტებზე: საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

Sputnik
თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უყწების ცნობით, გამოძიება 2024 წლის 6 იანვარს მედიასაშუალებით გავრცელებული სიუჟეტის საფუძველზე დაიწყო.
მანამდე „ტვ პირველმა“ გაავრცელა სიუჟეტი, რომლის თანახმად თბილისის მერიის მიერ 259 მილიონ ლარად შეძენილი და ჩამოყვანილი 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის თბილისში საპარკინგე ინფრასტრუქტურა არ არსებობს და 42 ერთეული სატრანსპორტო საშუალება უკვე რამდენიმე კვირაა, რაც კერძო ავტოსადგომზე დგას. და ეს მაშინ, როცა კახი კალაძე მოქალაქეებს ამ ტრანსპორტით სარგებლობას დეკემბრის ბოლოსთვის ჰპირდებოდა.
„ამ თემაზე კითხვების დასმა კი "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ლამის ფიზიკური ანგარიშსწორების ფასად დაუჯდა. კერძო ავტოპარკინგზე ჟურნალისტების მისვლამ უსაფრთხოების სამსახური ისე გააბრაზა, რომ მათზე თავდასხმა სცადა. დაცვის თანამშრომელი ცდილობდა, რომ ფიზიკურად გასწორებოდა "ტვ პირველის" ოპერატორ ნუკრი ქაფიაშვილს და დაეზიანებინა ტელევიზიის ტექნიკა“, - იუწყებოდა ტელეკომპანია.
როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, უწყება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედებას ჩაატარებს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.