თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. საქართველოში ახლა სეზონური ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემები ადასტურებს.
ამ მონაცემების თანახმად, ქვეყანაში დომინანტური ვირუსი გრიპი გახდა.
ექიმების თქმით, ძირითადად ცირკულირებს H1N1დაH1N3 ვირუსები, რომლებსაც მაღალი ტემპერატურა, თავის, სახსრების ტკივილი და გამოხატული სისუსტე ახასიათებს.
იგივე ვითარებაა მთელ მსოფლიოში. როგორც ჯანმოს დირექტორი ტედროს გებრეიესუსი აცხადებს, ბოლო რამდენიმე კვირაში ბევრ ქვეყანაში მოიმატა როგორც კოვიდის, ისე გრიპისა და სხვა რესპირატორული დაავადებების რაოდენობამ.
აქედან გამომდინარე, გთავაზობთ ბრიტანელი ექიმების რეკომენდაციებს გაციებასთან დაკავშირებული დაავადებების თავიდან ასაცილებლად.
თუ როგორ უნდა შეაჩეროთ გაციება მანამ, სანამ ის დაიწყება, ამას ColdZyme-სა და Aisling Moran-ის გუნდი გასწავლით, რომელიც რამდენიმე მარტივ რჩევას იძლევა:
გაციება მიკრობების მეშვეობით ვრცელდება, რომლებიც ცემინებისა და ხველების დროს გამოიფრქვევა. ეს მიკრობები 24 საათის განმავლობაში ცოცხლობს ხელებზე, ამიტომ იმისათვის, რომ სურდოთი არ დაავადდეთ, ერთ-ერთი საუკეთესო გზა — ეს ხელების ხშირი დაბანაა საპნითა და თბილი წყლით. პროცესი, სულ ცოტა, 20 წამი მაინც უნდა გრძელდებოდეს, რათა ინფექციის განვითარება აღიკვეთოს.
თუ ხელებს ვერ იბანთ, მაშინ საუკეთესო გამოსავალი სპირტზე დამზადებული გელის გამოყენებაა, რომელიც ალკოჰოლის 60%-ს მაინც შეიცავს.
ასევე საჭიროა ბალანსირებული კვება, რომელშიც შევა C, A, E, D, B6 ვიტამინებითა და ასევე თუთიით მდიდარი პროდუქტები. შეგიძლიათ ამ ვიტამინების პირდაპირ მიღებაც.
გარდა ამისა, რეკომენდებულია შემდეგი დანამატების მიღება:
ექინაცეა — კვლევებით დადასტურდა, რომ ეს ბალახი გაციებისგან იცავს ორგანიზმს (თუმცა საჭიროებს დამატებითი კვლევების ჩატარებას);
შავი ანწლის ექსტრაქტი — ამცირებს გრიპის ხანგრძლივობასა და სირთულეს (თუმცა კვლევები მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფებზეა ჩატარებული);
დაძველებული ნივრის ექსტრაქტი (AGE) – ზოგი კვლევა აჩვენებს, რომ AGE-ს შეუძლია გააუმჯობესოს იმუნური უჯრედების ფუნქცია და შეამციროს გრიპისა და გაციების სიმძიმე;
პრობიოტიკები.