პოლიტოლოგი: გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას

ექსპერტმა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობაზე ისაუბრა
Sputnik
თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გლობალური პოლიტიკის ნაწილია და სწორედ გლობალური პროცესები შეუწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას, ამბობს პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
„ვფიქრობ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს და ეს გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებას, რადგან ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ ორმხრივად არ შეიძლება განიხილებოდეს. ეს გლობალური პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია და საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სწორედ ამ კუთხით უნდა განიხილებოდეს“, - განაცხადა კიკნაძემ Sputnik-საქართველოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამ ურთიერთობებს ალტერნატივა არ აქვს - უნდა აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და დაიწყოს მოლაპარაკებები, აღნიშნა კიკნაძემ.
„რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რა პრობლემები გვაქვს - ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა. და ჩვენ უნდა ვიპოვოთ შეხების წერტილები, რომ ეს მათთვისაც და ჩვენთვისაც მომგებიანი იყოს. თუ იქნება კეთილი ნებაა, მაშინ ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს გამოსავალი ამ კონფლიქტებიდან. თუ გადავხედავთ ისტორიას, უამრავ მსგავს ფაქტს აღმოვაჩენთ“, - აღნიშნა პოლიტოლოგმა.
დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის: ქართულ-რუსული ურთიერთობების აწმყო და მომავალი >>
ექსპერტის აზრით, საჭიროა უფრო საქმიან და მომგებიან ურთიერთობებზე გადასვლა.
„ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩვენთვის მტკივნეულია, მაგრამ პოლიტიკაში ყველაფერი შესაძლებელია, ეს არის შესაძლებლობების ხელოვნება", - ამბობს კიკნაძე.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. ის ქართულმა მხარემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვიტა, როდესაც მოსკოვმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.