თბილისი, 3 იანვარი—Sputnik. 2023 წლის დეკემბერში ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.4% შეადგინა, იუწყება სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.0% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.9 პროცენტით განისაზღვრა.
უწყების ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა.
სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9%-იანი მატება, რაც 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე.
ფასები გაიზარდა:
ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე — 5.1%,
ხილსა და ყურძენზე — 3.3%,
რძეზე, ყველსა და კვერცხზე — 1.5%,
პურსა და პურპროდუქტებზე — 0.6%,
ყავაზე, ჩაისა და კაკაოზე — 0.1%.
ფასები შემცირდა:
თევზეულზე — 2.8%-ით,
ზეთსა და ცხიმზე — 1.8%-ით,
ხორცსა და ხორცპროდუქტებზე — 0.2%-ით.
რაც შეეხება ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, ამ ჯგუფში ფასები შემცირებულია 1.1 პროცენტით, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. აქ ფასების კლება დაფიქსირდა ფეხსაცმელზე (-5.3 პროცენტი);
საანგარიშო პერიოდში გაიაფდა ასევე ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლის საშუალებები. ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0.9-პროცენტიანი კლება, რაც -0.04 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.
ავეჯისა და საოჯახო ნივთების გარდა, ფასები ასევე შემცირდა ხალიჩებზე და იატაკის სხვა საფარზე (-2.8 პროცენტი), ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2.2 პროცენტი), გაიაფდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობები, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები (-0.9 პროცენტი).
ამასთან, ფასები გაიზარდა საოჯახო საფეიქრო ნაწარმსა (3.0 პროცენტი) და მინის, სუფრისა და საოჯახო ჭურჭელზე (2.7 პროცენტი).