ნოემბერში დეპოზიტების მოცულობა ქართულ ბანკებში გაიზარდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 1–ლი იანვარი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ, 2023 წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 50,42 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 581,85 მლნ ლარით, ანუ 1,17%-ით მეტია ნოემბრის დასაწყისის მაჩვენებელზე.
ანგარიშის თანახმად, ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები გაიზარდა 27,8 მლნ ლარით, ანუ 0,14%-ით, ხოლო დეპოზიტები მოთხოვნამდე – 554,05 მლნ ლარით, ანუ 1,86%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეპოზიტების ლარიზაციის დონემ, მიმდინარე წლის 1–ლი დეკემბრის მდგომარეობით, 49,25% შეადგინა, რაც 0,42 პროცენტული პუნქტით ნაკლებია 1–ლი ნოემბრის მაჩვენებელზე.
ოქტომბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7,97% შეადგინა, მათ შორის 10,48% - ლარის დეპოზიტებზე, ხოლო 2,4% – უცხოურ ვალუტაში დეპოზიტებზე.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში 17 კომერციული ბანკი ფუნქციონირებდა, აქედან 15 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.