ამ წელს დიდი იმედით ვასრულებთ - საქართველოს პრეზიდენტის მილოცვა

Sputnik
თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის ყოველწლიურ საახალწლო მიმართვაში.
„ამ წელს ვასრულებთ დიდი იმედით, რომ 2024 წელი იქნება კიდევ უფრო წარმატებული, იქნება ასევე ჩვენი ერთიანობის წელი, სადაც მივხვდებით, რომ სხვადასხვა აზრის ჭიდილი არ ნიშნავს ერთმანეთთან ბრძოლას. ეს არის, რაც უნდა ვისწავლოთ საარჩევნო წელიწადში, რომელიც ახლა იწყება, რომ ჩვენ შევძლოთ, ერთიანობა მაინც შევინარჩუნოთ და თავისუფლება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სახელმწიფოს მეთაურმა გაიხსენა 2023 წლის ტრაგიკული მოვლენებიც - შოვში და გურიაში მომხდარი მეწყერი, სადაც 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
„ჩვენ ეს ყველაფერი არ გვავიწყდება და ვცხოვრობთ იმით, რომ ეს არ განმეორდეს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა მოსახლეობას ასევე მიულოცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ამას გასული წლის მთავარი მიღწევა უწოდა.
„მინდა, სწორედ ამ ერთიანობით მოგილოცოთ ის, რაც ყველას მიღწევაა ამ წელს – სტატუსის მინიჭება, ევროპის გზის ნამდვილი გახსნა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
გისურვებთ თქვენს ოჯახებთან ერთად, პირველ რიგში, ჯანმრთელობას, ბედნიერებას, ყველანაირ წარმატებას თქვენთვის და ქვეყნისთვის, განაცხადა პრეზიდენტმა მიმართვის დასასრულს.