თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე მძიმე ნაბახუსევს შუშხუნა ღვინო იწვევს, ამბობს სომელიე მარკო კასტელანელი.
როგორც ორგანიზაცია Club Vino-ს თანადამფუძნებელი განმარტავს, მთელი საქმე გაზის ბუშტუკებშია.
„პროსეკო და შამპანური ღვინოები ნახშირორჟანგს შეიცავს. ის კი გავლენას ახდენს ალკოჰოლის სისხლში გადასვლაზე, ეხმარება ორგანიზმს ალკოჰოლის უფრო სწრაფად შეწოვაში“, — ამბობს კასტელანელი.
მისი თქმით, სისხლში მოხვედრისას ნახშირორჟანგი ნაწილობრივ გამოდევნის ჟანგბადს, რაც შუშხუნა ღვინოებით თრობას აჩქარებს. შედეგად – ნაბახუსევი განსაკუთრებით რთულად შეიგრძნობა, მეორე დღეს ადამიანს თავის მტანჯველი ტკივილი აწუხებს.
სომელიემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაბახუსევი ადამიანს შეიძლება მაშინაც დაემართოს, თუ მხოლოდ ერთ ან ორ ჭიქა შუშხუნა ღვინოს დალევს.
კასტელანელი რამდენიმე რჩევას აძლევს შამპანურისა და შუშხუნა ღვინოების მოყვარულებს იმისთვის, რომ მძიმე ნაბახუსევი და თავის ტკივილი აირიდონ. მისი რეკომენდაციები ასე გამოიყურება:
არასდროს მიირთვათ შუშხუნა ღვინო მშიერ კუჭზე;
სვით ის ძალიან ნელა;
ყოველი ჭიქა შამპანურის შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი;
ძილის წინ ასევე მიირთვით წყალი.
მანამდე ექიმ-ნარკოლოგებმა დაასახელეს მეთოდი, რომელიც ორგანიზმს ნაბახუსევზე სწრაფად აღდგენაში ეხმარება.
მათი თქმით, პირველ რიგში, სასურველია კონტრასტული შხაპის მიღება — ცხელი და ცივი წყლის ხუთწამიანი ინტერვალით მონაცვლეობით გადავლება. ამის შემდეგ აუცილებელია ორგანიზმში წყალ-მარილოვანი, ანუ ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, რისთვისაც მინერალური წყლის მიღებაა საჭირო.
გარდა ამისა, ექიმების თქმით, ნაბახუსევზე ასევე მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საუზმე. ერთ-ერთი ვარიანტი შეიძლება იყოს ნაკლებად დაბრაწული ომლეტი. ხოლო დღის განმავლობაში კალიუმისა და მაგნიუმის შემცველი ვიტამინებისა და პრეპარატების მიღებაა რეკომენდებული.