საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – ნოემბრის სტატისტიკა

2023 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის და ასევე ვაჭრობის სფეროებმა.
Sputnik
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–ნოემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, პროფესიული და სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობის და ასევე ვაჭრობის სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
ექსპორტის ზრდამ 2023 წლის 11 თვეში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,1% შეადგინა, იმპორტის – 16,1%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 5,7 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 20,5%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„2,6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, ზრდა ფინანსურ და სადაზღვევო სექტორებში ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
სამშენებლო სექტორის ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობასთან, ასევე სამოქალაქო - გზების, გვირაბების, ხიდებისა და მაგისტრალების მშენებლობასთან. უწყების უფროსმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ნოემბერში სამშენებლო მასალების იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 33%-ით, ცემენტისა და კლინკერის 37%-ით და 38%-ით გაიზარდა.
რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს - მინისტრის მოადგილის განმარტება >>
რაც შეეხება პროფესიულ და სამეცნიერო-ტექნიკურ საქმიანობას, ზრდა დაკავშირებული იყო სარეკლამო საქმიანობასთან, ასევე არქიტექტურული მომსახურების გაფართოებასთან.
ვაჭრობის სექტორის ზრდა ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობის ზრდამ განაპირობა. ნოემბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 82%-ით გაიზარდა, ძირითადად ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მიმართულებით.
გარდა ამისა, გაიზარდა საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმით ვაჭრობა.