თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. პოლონეთმა მოახდინა ექსტრადირება საქართველოს მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის, რომელსაც ბრალად ედება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მამაკაცს საქართველოში დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და 17 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
აღნიშნულ საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის 2 ივლისს, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, დაზარალებულის წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ ესროლა კიდურების მიმართულებით და მძიმე დაზიანებები მიაყენა.
აღნიშნულის შემდეგ, ექსტრადირებულმა პირმა თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. მიღებული დაზიანებების შედეგად, დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა.
გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს.