თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელმა, პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის უკვე სანქციების ქვეშაა და ოპოზიციამ ამაზე აღარ უნდა იზრუნოს.
უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მათმა თანამოაზრეებმა არაერთხელ მოუწოდეს დასავლეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ის მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მეშვეობით ქვეყნის პროდასავლურ კურსს რუსეთის მიმართულებით ცვლის.
„რეალურად სანქცირებული ვარ, ამიტომ ოპოზიცია ტყუილად ღელავს და ღია კარებს ამტვრევს: დაასანქცირეთ და დაასანქცირეთო. დასანქცირებული ვარ, მაგრამ ძალიან კარგად ვარ, ყველაფერი საკმარისად მაქვს და პოლიტიკაშიც დავბრუნდი, რათა კიდევ დავეხმარო ქვეყანას“, – განუცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს.
შაბათს „ქართული ოცნების“ ყრილობამ 67 წლის ბიძინა ივანიშვილი საპატიო თავმჯდომარედ აირჩია. ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში - წასვლიდან ზუსტად სამ წელიწადში.
ივანიშვილს მრავალი წელია შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-თან სასამართლო პროცესი აქვს. მან გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის წინააღმდეგ 2016 წელს წამოიწყო, მას შემდეგ, რაც ერთი წლით ადრე თავისი სადაზღვევო სქემიდან თაღლითობის შედეგად 400 მილიონი დოლარის გაქრობა აღმოაჩინა.
ივანიშვილს Credit Suisse-ის სატრასტო კომპანიების მხრიდან პრობლემები 2022 წლის მარტიდან, ანუ უკრაინის კონფლიქტის დაწყების შემდეგ დაეწყო. მათ უარი განუცხადეს ივანიშვილს არასადავო თანხების გადმორიცხვაზე. ივანიშვილის წარმომადგენლებმა ეს შეაფასეს, როგორც პოლიტიკური შანტაჟი.
ივანიშვილის ადვოკატები ერთმანეთის მიყოლებით იგებენ სასამართლო პროცესებს, მაგრამ მოპასუხეები სულ უფრო მეტ წინააღმდეგობას ქმნიან. მილიარდერმა ფულის ნაწილის დაბრუნება მაინც მოახერხა.
„ქართული ოცნების“ ლიდერებს არაერთხელ უთქვამთ, რომ ვერავითარი შანტაჟი ვერ აიძულებს ივანიშვილს წავიდეს საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ ან ქვეყანა ომში ჩაითრიოს.