მოსკოვმა ყაზახეთში თალიბანის ლეგალიზაცია შეაფასა: ზახაროვას კომენტარი

Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. ყაზახეთის გადაწყვეტილება, ამოიღოს მოძრაობა თალიბანი რესპუბლიკაში აკრძალული ორგანიზაციების სიიდან, დაეხმარება ავღანეთს საერთაშორისო იზოლაციიდან გამოსვლაში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სიტუაციის სტაბილიზაციას, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ.
მისი აზრით, ასტანის ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ავღანეთის ხელისუფლებასთან დიალოგის განვითარებაზე და გააძლიერებს ქვეყნებს შორის ორმხრივ ნდობას — მათ შორის რეგიონული უსაფრთხოების შენარჩუნების, ტერორიზმთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის საქმეში.
„ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ავღანეთის საერთაშორისო იზოლაციიდან გამოყვანას და მის შემდგომ ინტეგრაციას გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებში, ასევე გახსნის ახალ შესაძლებლობებს ავღანეთის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ მხარდაჭერაში. ასევე მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება დადებითად აისახება ავღანეთის შიდა შერიგებაზე და ხელს შეუწყობს სიტუაციის სტაბილიზაციას ქვეყანაში“, — აღნიშნა ზახაროვამ.
მანამდე ყაზახეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აკრძალული ორგანიზაციების სიიდან გამორიცხოს ტერორისტული მოძრაობა თალიბანი, რომელიც შესაბამის ჩამონათვალში ქვეყნის უზენასმა სასამართლომ 2005 წელს შეიყვანა. როგორც ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, თალიბანის შესახებ გადაწყვეტილება ქ ვეყანამ გაეროს პრაქტიკის გათვალისწინებით მიიღო.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, 2022 წლის მარტში, თალიბანთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა რუსეთმა, სადაც მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.