თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ორი ფიზიკური, მათ შორის ავსტრიის მოქალაქე და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ავსტრიის მოქალაქემ სამედიცინო ნიღბების შეძენის მსურველი ჩეხური კომპანიის წარმომადგენლები და გერმანიაში მცხოვრები პირები მოატყუა და საქონლის შესაძენად განკუთვნილი 1,3 მლნ ევრო, მის საკუთრებაში არსებული კომპანიის საზღვარგარეთ გახსნილ საბანკო ანგარიშზე ჩაარიცხინა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა.
„ბრალდებულმა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულის გათეთრების მიზნით, კომპანიის ანგარიშზე აკუმულირებული უკანონო შემოსავალი, ფიქტიური დანიშნულებებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქის კუთვნილი საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადმორიცხა", - ნათქვამია განცხადებაში.
შემდგომში, საწარმოს ანგარიშიდან განაღდებული თანხა, საქართველოს მოქალაქის სარგებლის გამოკლებით, ბრალდებულს და ამ უკანასკნელთან დაკავშირებულ პირებს გადაერიცხათ. აღნიშნული გზით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 496.430 ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულ ფიზიკურ პირებს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო ბრალდებულ იურიდიულ პირს დაეკისრა ჯარიმა 100 ათასი ლარის ოდენობით.
სასამართლოს განაჩენით, მსჯავრდებულ ავსტრიის მოქალაქეს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა მასთან დაკავშირებული პირების სახელზე ფიქტიურად გაფორმებული 1.267,800 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოსადგომი