მიხეილ სარჯველაძე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით მოქალაქეებს მიმართავს

Sputnik
თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. უკეთესი იქნება, თუ საახალწლო დღესასწაულებზე პიროტექნიკას მოქალაქეები საერთოდ არ გამოიყენებენ, მაგრამ თუ მაინც ამგვარად გადაწყვეტენ ზეიმს, მაშინ უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, გაითვალისწინონ გარკვეული რეკომენდაციები. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საქართველოში პიროტექნიკის გამოყენება ზამთარში, განსაკუთრებით საახალწლო დღესასწაულების დროს, დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამ დღეებში თბილისის კლინიკებში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო დამწვრობებითა და კიდურების დაზიანებით ათობით დაზარალებული ხვდება.
მიხეილ სარჯველაძე მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ გარემოს, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს.
საქართველოში შესაძლოა პიროტექნიკა აიკრძალოს: რას განიხილავს პარლამენტი>>
პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით სარჯველაძის რჩევები ასეთია:
პიროტექნიკის შეძენისას მიაქციეთ ყურადღება მასალის ხანდაზმულობას. არ არის გამართლებული ძველი მასალების გამოყენება. ის მომეტებულ საფრთხეს შეიცავს;
აუცილებლად მაქსიმალურად ყურადღებით გაეცანით გამოყენების წესებს და პირობებს;
მაქსიმალურად მოაცილეთ პიროტექნიკის გამოყენებას მოზარდები. არ დაუშვათ, რომ მათ დამოუკიდებლად გამოიყენონ პიროტექნიკა;
თრობის მდგომარეობაში გამორიცხეთ პიროტექნიკის გამოყენება;
პიროტექნიკის გამოყენებისას სიახლოვეში მყოფმა ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ატაროს დამცავი სათვალე;
არავითარ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე ერთეულის დანთება არ სცადოთ;
ანთებული პიროტექნიკა არ შეიძლება დაიკავოთ ხელში. აუცილებელია მისი სტაციონარულად მყარად დამაგრება და მხოლოდ ასე გამოყენება;
არასდროს აანთოთ პიროტექნიკა დახურულ სივრცეში;
გამოყენებისას აუცილებლად მაქსიმალურად უნდა დააშოროთ პიროტექნიკის გამოყენების ადგილი სხვა ადამიანებს, სახლებს. განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო აალებადი ნივთიერებების სიახლოვეს;
სტაციონარულად მყარად დამაგრების შემდეგ მაქსიმალურად უნდა მოცილდეთ პიროტექნიკის მასალას, უსაფრთხო დისტანციაზე.
პიროტექნიკის გადაჭარბებულ გამოყენებას ასევე უჩივიან შინაური ცხოველების მფლობელები და ცხოველთა დამცველები, სხვადასხვა ფსიქოლოგიური ტრავმის მქონე ადამიანები, ასევე მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები.
ცხოველები ინფარქტით გვეღუპებიან - თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოწოდება>>
საპარლამენტო კომიტეტები საქართველოში პიროტექნიკის გამოყენების წესებზე მუშაობენ და შესაძლო შეზღუდვებს განიხილავენ.
დღეს ქვეყანაში პიროტექნიკის გამოყენება შეზღუდული არ არის, აკრძალვა მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის გაყიდვაზე მოქმედებს.