თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ნოემბერში საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,9% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის საშუალო რეალურმა ზრდამ 6,9% შეადგინა.
„საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რომელიც 2021-2022 წლებში ფიქსირდებოდა და ჩვენ ველოდებით, რომ 2023 წელს საქართველოს ეკონომიკა დაახლოებით 7%-ით გაიზრდება", - განაცხადა ცინცაძემ.
მინისტრის მოადგილის თქმით, იანვარი-ნოემბრის მონაცემებით, ეკონომიკურ ზრდაში პოზიტიური წვლილი შეიტანეს ვაჭრობის, მშენებლობის, ტრანსპორტის და დასაწყობების, საინფორმაციო კომუნიკაციების და საბანკო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებმა.
„ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო როგორც საინვესტიციო საქმიანობის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციები, ისე საქონლის ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მაჩვენებლები. ჩვენი მოლოდინია, რომ 2024 წელი კიდევ უფრო პოზიტიური ტენდენციებით გაგრძელდება და ის დადებითი დინამიკა, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ფიქსირდება, შენარჩუნდება და გაგრძელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.