თბილისი, 29 დეკემბერი — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების კონცერტების ორგანიზების ამერიკული კომპანია Live Nation ქართულ ბაზარზე შემოვიდა და შეკვეთილში Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზთან ითანამშრომლებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
Live Nation მსოფლიო გასართობი ინდუსტრიის მაგნატია, რომელიც მსოფლიოს 40 ქვეყანაში ოპერირებს, საქართველო კი რიგით 41-ე პარტნიორი ქვეყანა გახდა. Live Nation-ის ორგანიზებით, მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად 45 ათასამდე კონცერტი და 100-ზე მეტი ფესტივალი იმართება. მათ შორისაა მსოფლიოს უდიდესი ფესტივალები Mad Cool და lollapalooza.
Live Nation ატარებს ისეთი არტისტების კონცერტებსა და ტურნეებს, როგორებიცაა: Madonna, Jay- Z, Coldplay, The Weeknd და ა.შ. კომპანიის მფლობელობაშია მსოფლიოს ყველაზე დიდი ბილეთების გაყიდვის პლატფორმა Ticketmaster-იც, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით წამში 7 ბილეთს ყიდის.
2023 წელს Black Sea Arena-სთან წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ Live Nation-მა საქართველოს ბაზარზე შემოსვლა გადაწყვიტა. საქართველო რეგიონში პირველი და ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც Live Nation-ის ეგიდით ჩატარებული ღონისძიებების მასპინძელი გახდება, რითაც დამატებით მოიზიდავს გასართობი ინდუსტრიით დაინტერესებულ ტურისტებს როგორც რეგიონის ასევე სხვა ახლო ქვეყნებიდან.
Black Sea Arena-ს და Live Nation-ის თანამშრომლობის პირველი წელი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა: ერთი თვის შუალედში ორი სრულად გაყიდული სტადიონი, 7 საათში დასოლდაუთებული 30 ათასამდე ბილეთი და ორჯერ გაყიდული ჩარტერი მეზობელი ქვეყნიდან იმ პრეცედენტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც Starring Georgia-ს პირველი სეზონის დროს შეიქმნა.
„როდესაც Live Nation ახალ ბაზარზე შედის ყოველთვის ვცდილობთ, კვალიფიციური პარტნიორი შევარჩიოთ - პროფესიონალი გუნდით, საუკეთესო მოედნებით და ტექნიკით. ჩვენ მივხვდით, რომ ქართული გასართობი ინდუსტრია მზად იყო გაზრდისთვის და ფართომასშტაბიანი არტისტების მასპინძლობისთვის. Black Sea Arena სწორედ ის კომპანია აღმოჩნდა, რომელიც ყველა ჩვენს მიერ ჩამოთვლილ სტანდარტს აკმაყოფილებდა. მოხარული ვართ, რომ ამ გუნდთან გვიწევს თანამშრომლობა და ვფიქრობ ერთად ბევრი წარმატება გველოდება წინ”, - განაცხადა Live Nation Israel-ის დამფუძნებელმა გაი ბესერმა.
Starring Georgia საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციირებული 2-წლიანი კამპანიაა, რომელიც Black Sea Arena-ს გუნდთან ერთად ხორციელდება. კამპანიის პირველი სეზონის ფარგლებში, საქართველომ უკვე უმასპინძლა ისეთ ცნობილ მსოფლიო ვარსკვლავებს, როგორებიცაა: Imagine Dragons, Bruno Mars, The Killers, Damian Lazarus, All Day I Dream.
ჯამში 5 ღონისძიებამ, რომლებიც Black Sea Arena-ს გარდა, სოციალურ სივრცესა და საქართველოს 2 ყველაზე დიდ სტადიონზე ჩატარდა, 100 ათასამდე მელომანს უმასპინძლა.