თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს პროკურატურამ თბილისში 27 დეკემბერს მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
მედიის ინფორმაციით, მოკლული არის სამხედრო პირი, ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობა კი ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი.
შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 27 დეკემბერს თბილისში ურთიერთშელაპარაკების დროს ბრალდებულმა დაზარალებულს ცეცხლსასროლი იარაღიდან სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.
აღნიშნულია, რომ იარაღი ბრალდებულის სახელზე ოფიციალურად იყო რეგისტრირებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.