თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. შავ ზღვაში პანამის დროშით მცურავი სამოქალაქო გემი, რომელიც დუნაის ერთ-ერთი პორტისკენ მიემართებოდა ხორბლის ჩასატვირთად, ნაღმზე აფეთქდა, ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების Telegram-არხზე.
„გემმა სიჩქარე და კონტროლი დაკარგა, ზედა გემბანზე ხანძარი გაჩნდა. იმისათვის, რომ ხომალდი არ ჩაძირულიყო, კაპიტანმა გემი მეჩეჩზე დააფიქსირა“, — წერენ უკრაინელი სამხედროები.
არსებული ინფორმაციით, გემის ეკიპაჟს დახმარება საზღვაო გვარდიისა და სამძებრო-სამაშველო სამსახურის კატარღებმა აღმოუჩინეს და ბორტზე მედიკოსები მიიყვანეს.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი მეზღვაური. ერთს ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, ხოლო მეორე შემდგომი გამოკვლევისთვის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქარიშხლიანი ამინდი ხშირად ზრდის ნაღმების აფეთქების საშიშროებას. ამიტომაც საერთაშორისო პარტნიორობის მხარდაჭერით ზღვის განაღმვის საკითხი კვლავაც აქტუალურია.