თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 112 პირი დააკავა, მათ შორის 66 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების, გასაღების მცდელობის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებული არიან საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის, უკრაინის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, იორდანიის, ეგვიპტის და ერიტრეას მოქალაქეები.
ნარკოდამნაშავეთა დაკავების სპეცოპერაციები ჩატარდა თბილისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, აჭარის, შიდა ქართლის, სამეგრელო–ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში.
დაკავებულთა შორის, რომელთა ასაკი 18-დან 63 წლამდეა, არიან წარსულში ნასამართლევი პირები.
პოლიციამ ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
სამართალდამცველებმა დაკავებულთა პირადი, საცხოვრებელი ბინების და მათი ავტომობილების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები: „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, MDMA, „კეტამინი“, „ლიზერგიდი“ (LSD), „მეტამფეტამინი“, „ბუპრენორფინი“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „დიმეთილტრიფტამინი“, „პრეგაბალინი“, „ტრამადოლის“, ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ და „ფსილოცინის“ შემცველი ნივთიერებები, ასევე, „მარიხუანა“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
პოლიციამ ნივთმტკიცებად ასევე ამოიღო ცეცხლსასროლი იარაღი, სამი პისტოლეტი, ორი სანადირო თოფი, ვაზნები, კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონები, ელექტროსასწორები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.
გამოძიება სსკ-ის 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 273-ე პრიმა, 18-273 პრიმა, 19-273 პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან დღემდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 282 ნარკორეალიზატორია დაკავებული.
პოლიციამ ჯამში მთელი წლის განმავლობაში უკანონო ბრუნვიდან ამოიღო 84 კილოგრამი „ჰეროინი“, 20 კილოგრამი „ალფა პვპ“, 9 500 აბი „სუბოტექსი“ და „სუბოქსინი“, 2,5 კილოგრამი „კოკაინი“, 4 კილოგრამი „მეფედრონი“, 2.5 კილოგრამი „მდმა“, ასევე, 304 კილოგრამი მარიხუანა, 4 ტონამდე „კანაფი“, 13 კილოგრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული მედიკამენტები და 3 კილოგრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.