თბილისი, 27 დეკემბერი – Sputnik. თავდაცვის სამინისტრო თბილისში მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემთხვევა თბილისში, 27 დეკემბერს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 42 წლის სამხედრო მოსამსახურეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 39 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა - მიღებული ტრავმების შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს 27 დეკემბერს ტრაგიკული ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ლაშა გუჯეჯიანის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში
განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცებს შორის ურთიერთშელაპარაკება ვაზისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.