თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ამინდის ცვლილებამ და წყლის ნაკლებობამ ირანში მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სუნელის, ზაფრანის მოსავლიანობის მკვეთრი ვარდნა და შესაბამისად ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია, იუწყება Financial Times.
„როგორც მოსალოდნელია, მთლიანი წარმოება თითქმის 400 ტონიდან 170 ტონამდე შემცირდება“, — ციტირებს გამოცემა Novin Saffron-ის აღმასრულებელ დირექტორ ალი შარიათი-მოღადამს.
როგორც ზაფრანის ბირჟაზე განმარტავენ, სანელებლის მოსავალზე დამღუპველი გავლენა, ყინვებიანი ზამთრის შემდეგ, უნალექო და ცხელმა ზაფხულმა იქონია — 50 გრადუსამდე ტემპერატურამ რეგიონში ყველა წყარო დააშრო. შედეგად, ისედაც ძვირადღირებული ზაფრანის ფასი შარშანდელთან შედარებით გაორმაგდა და შიდა ბაზარზე ერთი კილოგრამის ღირებულებამ 1400 დოლარს მიაღწია.
ამავდროულად, მიმწოდებლების თქმით, იგივე მოცულობის ზაფრანის ფასმა საზღვარგარეთ შეიძლება 1800 დოლარიც შეადგინოს.
„წითელ ოქროდ“ წოდებული ზაფრანა Crocus sativus მსოფლიოს უძვირეს სანელებლადაა მიჩნეული, ვინაიდან მისი დინგების შეგროვება წელიწადში მხოლოდ ორი კვირის განმავლობაშია შესაძლებელი — ოქტომბრის ბოლოდან ნოემბრის დასაწყისამდე პერიოდში, მზის ამოსვლისას, როგორც კი ყვავილი გაიშლება, რათა არომატი არ დაკარგოს.ამასთან, დინგი ძალიან ფაქიზად უნდა მოშორდეს ყვავილს, რათა ბოჭკოები არ დაზიანდეს.
ერთი კგ ზაფრანის დინგების მისაღებად დაახლოებით 170 ათასამდე ყვავილის შეგროვებაა საჭირო. სწორედ ეს მიზეზები განსაზღვრავს პროდუქტის უკიდურესად მაღალ ფასს.