სპორტის პოპულარიზაცია საქართველოში - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის ანგარიში

პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ფონდმა ღონისძიებების ჩასატარებლად 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა 2023 წელს 50-ზე მეტი სპორტული ღონისძიება მოაწყო, რომელთა უმეტესობაც საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ იყო მიმართული, განუცხადა მედიას ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
ფონდმა პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობით ღონისძიებებში 5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე სპორტული მოედანი მოეწყო, მათ შორის სპორტული კომპლექსი „არენა“, სადაც ყინულის მოედანი, კრივის დარბაზი და ტირია განთავსებული.
სპორტული ღონისძიებების გარდა, ფონდის საქმიანობაში სპეციალური საჭიროების მქონე მოზარდების სპორტში ინტეგრაციაც შედიოდა. ჩატარდა ტურნირი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში. ფონდი აუცილებელი ინვენტარით როგორც საჯარო, ისე სპორტულ სკოლებს დაეხმარა რეგიონებში.
ფონდის მხარდაჭერით თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან 5-დან 10 წლამდე ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ გაეარათ ცურვის სპეციალური კურსები.
10-დღიანი პროგრამის ფარგლებში ბავშვებთან პროფესიონალი მწვრთნელები მუშაობდნენ. კურსის დასრულების შემდეგ სპეციალისტებმა თავად შეარჩიეს პროგრამის მონაწილეები, რომლებსაც დამატებით მოამზადებენ. პროგრამაში მონაწილეობა ათასამდე ბავშვმა შეძლო.
2024 წლის უახლოეს გეგმებს შორის ხეჩიკაშვილმა ქართული სპორტის ფესტივალი დააანონსა, რომელსაც ერთ-ერთი რეგიონი უმასპინძლებს. ღონისძიების დეტალები მომავალი წლის დასაწყისში გახდება ცნობილი.