გარდაბანში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგური აშენდება

უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი - Sputnik. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარი’’ ერთობლივ კომპანიის დააფუძნებენ, რომელიც საქართველოში მზის ყველაზე დიდი სიმძლავრის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი ხელშეკრულება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო კომპანია „მასდარს’’ (ABU DHABI FUTURE ENERGY COMPANY PJSC – MASDAR) შორის ეკონომიკის სამინისტროში გაფორმდა.
კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ავითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.
რამდენით გაიზარდა ქარის ელექტროსადგურის გამომუშავება>>>
პროექტის მიხედვით, მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება.
როგორც ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, მზის ახალი ელექტროსადგური შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას, მოახდენს ელექტროენერგიის მიწოდების ადგილობრივი წყაროების დივერსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიებისა და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული მიზნების მიღწევას და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულებას.
„მასდარის“ დირექტორ მოჰამედ ჯამეელ ალ რამაჰის შეფასებით კი, აღნიშნული პროექტი საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მაგალითია.
შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს, მთავრობის მხარდაჭერას განახლებადი ენერგიების განვითარების მიმართულებით და მიმდინარე პროექტის პარალელურად, განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეთანხმების თანახმად, მხარეებმა, მზის ელექტროსადგურის პროექტის შემდგომი განვითარების მიზნით, უნდა განახორციელონ ქმედებები ტექნიკური, კომერციული და ფინანსური მიმართულებებით. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია საქართველოს მთავრობასთან მემორანდუმის გაფორმება და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების განხორციელება.
ენერგეტიკის განვითარება
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს. ამიტომ რეფორმების რეალიზაცია ენერგეტიკის სფეროში მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემებით, 2022 წელს საქართველომ მოიხმარა 14,8 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 2021 წლის მონაცემებზე 3,8%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 2021 წლის მონაცემზე 12,7%-ით მეტია.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.