საქართველო დემოკრატიული განვითარების მხრივ მსოფლიოს საუკეთესო ათეულში შედის – პრემიერი

Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის დემოკრატიის განვითარებით საუკთესო ათეულში მოხვდა, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში „ელჩების კონფერენციის“ გახსნაზე.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით 26-28 დეკემბერს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.
„დემოკრატიზაციის გზაზე ჩვენ ძალიან ძლიერი, ძალიან სწრაფი პროგრესი გვქონდა და შემთხვევითი არაა, კიდევ ვიმეორებ, რომ 180 ქვეყანას შორის, დღეს საქართველო დემოკრატიზაციის 10 წლიანი პროგრესით, მსოფლიოს საუკეთესო ათეულშია, ასევე კანონის უზენაესობის ინდექსში საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მოსვლამდე, 2012 წლამდე საქართველო შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა, როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი.
„ეს რეალობა დახვდა „ქართულ ოცნებას“ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით მსოფლიო ათეულშია და დღეს, 11 წლის თავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის კანდიდატი წევრი სახელმწიფო. ამ ორი სიტყვით ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად, ის მმართველობა და ის შედეგი, ის ხელშესახები შედეგი, რომელსაც მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“, – განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება სხვა შედეგებს, ღარიბაშვილის თქმით, სწორედ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო მუშაობა და ხელი მოეწერა ასოცირების ხელშერულებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ, ხოლო შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაწესდა.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის დაგვირგვინება, ამ დიდი სამუშაოს დაგვირგვინება, დიდი ძალისხმევის დაგვირგვინება სწორედ იყო კანდიდატის სტატუსი, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად მივაღწიეთ... რა თქმა უნდა, ეს გზა გრძელდება, რომელიც კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარების გზაზე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო ბოლო სამ წელიწადში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ეკონომიკაა მსოფლიოში.
„ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ამ მეტად რთულ ტურბულენტურ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მოვახერხეთ ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება, რამაც კონკრეტული ხელშესახები შედეგები მოიტანა ჩვენი ხალხისა და საზოგადოებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამ რთულ ვითარებაში მთავარი ორიენტირი, მთავარი პრინციპი ქვეყნის ეროვნული ინტერესებია.
„დღეს ვიმყოფებით გარემოში, სადაც ყოველდღე იცვლება მსოფლიო წესრიგი და ვხედავთ, რომ ჯერჯერობით ამ პროცესის გაჩერება შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში, ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, თავისი გამოწვევებითა და ეროვნული ინტერესებით, არ აქვს უფლება, არ იხელმძღვანელოს მხოლოდ ეროვნული ინტერესებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, შესაბამისად, სახეზეა კონკრეტული შედეგი.
„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული ინტერესების გამტარებელი ხელისუფლება, დაიწყო კონკრეტული შედეგების მოტანა ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის. ეს რეალობაა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
დარჩიაშვილი: კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე საქართველო ქვეყნის ინტერესებს იცავდა>>
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 14 დეკემბერს მიანიჭა - გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერმა დაუჭირა მხარი.