თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მრავალი ათეული წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებს წინამძღვრის ჯვარს, ნათქვამია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის აღსაყდრების 46 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აირჩიეს. ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს გაიმართა.
„წინამძღვრის მსახურება არ არის ადვილი ჯვარი, რომელსაც თქვენ ღირსეულად ატარებთ მრავალი ათწლეულის განმავლობაში. თქვენი პატრიარქობის წლებში საქართველომ მრავალი განსაცდელი გამოიარა, თუმცა, იბერიის უძველესმა ეკლესიამ, თქვენი ბრძნული წინამძღოლობით დაძლია ისინი და რწმენისა და ღვთისმოსაობის უხვი ნაყოფი გამოავლინა. ამ მნიშვნელოვან დღეს, ლოცვით გისურვებთ ყოვლისშემძლეს კეთილშობილ დახმარებას თქვენს მღვდელმსახურებაში“, - ნათქვამია მილოცვაში.
ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია იმავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.
პატრიარქის აღსაყდრების დროს საქართველოში 15 ეპარქია იყო და დაახლოებით 30 მოქმედი ტაძარი.
დღეისთვის სულ 46 ეპარქიაა, პატრიარქის ჩათვლით კი 47 მღვდელმთავარი, მათგან ორი ტიტულარულია. გაიზარდა ტაძრების, მონასტრების, ბერ-მონაზვნებისა და სასულიერო პირების რაოდენობა. თბილისში წმინდა სამების ტაძარი აშენდა. დღეისათვის საქართველოში დაახლოებით 2 ათასამდე მოქმედი ეკლესია-მონასტერია და 3 ათასამდე სასულიერო პირი და ბერ-მონაზონი.