მინისტრი: საქართველო მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას გააგრძელებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მზარდი როლი მშვიდობისა და სტაბილური განვითარების ხელშეწყობაში
Sputnik
თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მომავალშიც გააგრძელებს მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას, რაც გააძლიერებს მის როლს მშვიდობის ფორმირებაში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023“-ის გახსნის ცერემონიაზე.
26-28 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" იმართება.
„მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის შემდგომი განვითარების კუთხით მიმდინარე წელი არანაკლებ წარმატებული იყო და აღსანიშნავია საქართველოს მზარდი როლი მშვიდობისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ასევე გაგრძელდება თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან, კერძოდ, აშშ-სთან, რაც ქვეყნის ინტერესების დაცვას ემსახურება.
„გლობალიზაციის კონტექსტში, საქართველოს ინტერესების დასაცავად, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან და მეგობარ სახელმწიფოებთან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წელს ცალკეულ ევროპულ ინსტიტუტებთან ნაყოფიერმა თანამშრომლობამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ევროკომისიის, შემდეგ კი ევროპული საბჭოს პოზიტიურ გადაწყვეტილებაში საქართველოსთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ.
2023 წლის ელჩების კონფერენციაზე მთავარი ყურადღება დაეთმობა ევროკავშირის გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მონაწილეები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოების და დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ, კანდიდატის სტატუსის პოლიტიკურ, პრაქტიკულ ასპექტებსა და საქართველოს ახლებურ როლზე რეგიონში და ევროინტეგრაციის გზაზე შექმნილ ახალ შესაძლებლობებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა 2023 წელს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებს და 2024 წლის გეგმებსა და ამოცანებს.
საუბარი შეეხება რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს როლს რეგიონული მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სამშვიდობო პოლიტიკას, ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეგობარ სახელმწიფოებთან და სხვა.
სამუშაო სესიების ფარგლებში ასევე განხილული იქნება საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო მომსახურების, სახელმწიფოს მხრიდან ქართული დიასპორის ხელშეწყობისა და სამინისტროს ინსტიტუციური განვითარების საკითხები.
ელჩების კონფერენცია ყოველწლიურად იმართება, რომელშიც მონაწილეობენ საზღვარგარეთ დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები.