თბილისი, 26 დეკემბერი — Sputnik. ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს სურს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი (EAEU) მომავალში ეკონომიკური მიზიდულობის ერთ-ერთ გლობალურ პოლუსად იქცეს.
ამის შესახებ მან სანქტ-პეტერბურგში, ევრაზიული კავშირის ლიდერთა უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
„ყველა გეგმის განხორციელების შედეგად, მსურს, რომ ევრაზიის ეკონომიკური კავშირი, თუ არა 2030 წლისთვის, მაშინ აუცილებლად 2045 წლისთვის, ეკონომიკური მიზიდულობის ერთ-ერთ მთავარ გლობალურ პოლუსად ვიხილო“, — აღნიშნა მან.
ბელორუსის ლიდერმა EAEU სხვა რეგიონულ ინტეგრაციულ ასოციაციებს შეადარა და განაცხადა, რომ გაერთიანება SCO-სა და BRICS-ზე უფრო მეტად დაწინაურდა ეკონომიკურ ინტეგრაციაში.
„მათ არ აქვთ ეს დინამიკა, მათ ჯერ არ მიუღწევიათ ინტეგრაციის იმ დონისთვის, რასაც ჩვენ მივაღწიეთ. მთავარია, ტემპი არ დავკარგოთ“, — განაცხადა ლუკაშენკომ.
სხდომის მონაწილეებს მან ამ მიმართულებით წინსვლისკენ მოუწოდა, რათა EAEU არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ წამყვანი გლობალური ეკონომიკური ორგანიზაციაც გახდეს.
ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია. EAEU უზრუნველყოფს საქონლის, ასევე სერვისების, კაპიტალისა და მუშახელის მოძრაობის თავისუფლებასა და შეთანხმებული ან ერთიანი პოლიტიკის განხორციელებას ეკონომიკის სექტორებში.
ამ დროისათვის ორგანიზაციის წევრები არიან: სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და რუსეთი.