თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. სამგზავრო მატარებლებმა, რომლებიც უამინდობის გამო სხვადასხვა ადგილზე იყვნენ გაჩერებული, მოძრაობა განაახლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე იყო გაჩერებული. უამინდობამ რკინიგზაზე სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშული იყო ქვესადგურები, კერძოდ, რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 26 დეკემბრის დღის მეორე ნახევრამდე რთული მეტეოროლოგიური პირობები შენარჩუნდება: რიგ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქარი, მთაში და მაღალმთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია 6-ბალიანი შტორმი.
მთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.