საეკლესიო კალენდარი: 24 დეკემბერი

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 24 დეკემბერს ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა და ღირსთა მამათა და დედათა, ღირსი დანიელ მესვეტის, მოწამეთა: მირაქსის, აკეფსეს და აითალას ღირსი, ლუკა მესვეტის ხსენების დღეს აღნიშნავს.
Sputnik
Sputnik საქართველო გიამბობთ ვინ იყვნენ ეს ადამიანები და რატომ არიან მოხსენიებული საეკლესიო კალენდარში.
საქართველოში წამებული და ღირსი მამები და დედები
იმის გამო, რომ შეუძლებელია საქართველოს სამოციქულო ეკლესიიდან ზეციურ, მედღესასწაულე ეკლესიაში ამაღლებულ ქრისტიანთა ჩამოთვლა, დღევანდელი დღის მოსახსენებელში წერია, რომ „საქართველოში წამებულთა მამათა და დედათა შორის უნდა ვიგულისხმოთ“ და ყველასათვის ცნობილ წმიდათა სახელებს გარდა, ქართული ანბანის მიხედვით ჩამოთვლილია მამათა და დედათა სამასამდე ქართული წარმოშობის სახელი:
- აბელი, აბესალომ, აბუსერ, ავაგი, ავგაროზი, ავთანდილი, ალმასხანი, ამირანი, ამირანდო, ანდუყაფარი, არჯევანი, ასლანი, ასპანი, აფრასიონი, აღბულა, ბაადური, ბადრი, ბაბილა, ბაკური, ბარათა, ბახვა, ბახუტა, ბებური, ბეგლარი, ბედიანი, ბეკო, ბეჟანი, ბერი, ბექა, ქეშქენი, ბეცია, ბირთველი, ბიჭია, ბოცო, გაგა, გარსევანი, გახა, გელა, გემელი, გივი, გოდერძი, გოსტაბაში, გოჩა, გოჯასპირი, გუგუნა, გულბაათი, გურასპი, გურგენი, დარისპანი, დარჩია, დემური, დიასამი, დოლენჯი, დურმიშხანი, ედიშერი, ევდომოსი, ეზრა, ელგუჯა, ერეკლე, ვამეყი, ვამეხი, ვაჟა, ვარაზა, ვარაზვაჩე, ვარამი, ვარდენი ან ვარდანი, ვაჩე, ვახუშტი, ვირშელი, ზაალი, ზაზა, ზაუტა, ზებედე, ზურაბი, თადია, თათე, თარხანი, თაყა, თეიმურაზი, თენგიზი, თორღვა, იაგორი, იაკინთე, იასე, იმედა, იოთამი, იორამი, კახაბერი, კვირია, კიკოლა, ლაშა, ლევანი, ლიპარიტი, ლომინი, ლუხუმი, მალხაზი, მამამზე, მამისა, მამისთვალი, მამუკა, მანუჩარი, მაყა, მახარე, მერაბი, მინდია, მირმანოზი, მურმანი, მურზაყანი, ნავროზი, ნარიმანი, ნინია, ნოდარი, ნოშრევანი, ნუგზარი, ოთარი, ომანი, ონისიმე, ოსე, ოტია, ოქროპირი, პაატა, პაპალა, პაპუნა, რამაზი, რამინი, რატი, როინი, რომანი, როსები, როსტვანი, როსტომი, სავამი, სავლე, სარგისი, სარდიონი, სარიდანი, საურმაგი, სესე, სეხნია, სიაოში, სიდამონი, სულა, სულმამა, სულხანი, სუმბატი, ტარიელი, ტეტია, უფლისა, უშანგი, ფარემუზა, ფარნაოზი, ფარსადანი, ფეშანგი, ფირანი, ფიროზი, ფოცხვერი, ფრიდონი, ქავთარი, ქართლოსი, ქვაბული, ქველი, ქობული, ქუცნა, ღვთისავარი, ღუღუნი, ყარამანი, ყაფლანი, ყაყიტა, ყვარყვარე, შაბურ, შადიმანი, შამადავლე, შანშე, შერმაზანი, შერგილი, შერმადინი, შიაოში, შოთა, შოშიტა, ცისკარა, ცოტნე, წათე, ხარება, ხახუტა, ხოსიტა, ჭოლა, ჯაბა, ჯავახი.
საეკლესიო კალენდარი: 23 დეკემბერი
- აგრაფინა, ანუკა, ასკილა, ასმათი, ასპიროზი, ბორენა, გვანცა, გუგულა, გულვარდისა, გულისა, გულნაზი, გულნარა, გულქანა, გულჯავარი, დარეჯანი, დესპინე, ესმა, ვარსკვლავისა, ზეინაბი, თათია, თამთა, თეონა, თინათინი, თმაგიშერა, თუთა, თუთია, კესარია, კრავაი, ლამაზა, ლამარა, ლელა, ლერწმისა, მაგდანი, მაია, მაკა, მანანა, მარგალიტა, მარეხი, მზეთვალა, მზექალა, მზეხა, მზისთანადარი, მნათობი, მნათობისა, მონავარდისა, ნადია, ნარგიზი, ნესტანი, პირიმთვარისა, პირიმზე, როდამი, რუსუდანი, საგდუხტა, ტერეზია, უმანკო, ფატმანი, ფაქიზო, ფაცია, ქაბატო, ქალია, ქურციკი, ცაცო, ცისკარა, ციცინო, ხათუთა, ხვარამზე, ხვაშაქი, ხორეშანი.
ქართველ ქრისტიანთა საკმაოდ დიდი ნაწილი ამ დღეს მოხსენებულ წმიდათა სახელებს ატარებს და მათგან ითხოვს მეოხებას.
ღირსი დანიელ მესვეტე
ღირსი დანიელ მესვეტე მესოპოტამიაში, ქალაქ სამოსატის მახლობლად მდებარე სოფელ ბითარაში დაიბადა. მის დედას - მართას შვილი დიდხანს არ ეძლეოდა და მხურვალედ ევედრებოდა უფალს, თან აღთქმაც დადო, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდა, ყრმას ღმერთს შესწირავდა. კეთილმსახური დედაკაცის ლოცვა შესმენილ იქნა - მას შეეძინა ძე, რომლისთვისაც ხუთი წლის ასაკამდე სახელი არ დაურქმევიათ: ყმაწვილის მშობლებს სურდათ, რომ უფლის კურთხევით შობილს, სახელიც უფლისგან მიეღო. მათ შვილი მახლობლად მდებარე მონასტერში მიიყვანეს და იღუმენს მიმართეს. იღუმენმა ბრძანა, საღვთისმსახურო წიგნთაგან ერთ-ერთი მიეწოდებინათ მისთვის, გახსნა იგი და წინასწარმეტყველი დანიელის სიტყვები ამოიკითხა. ასე დაერქვა სახელი მომავალ წმიდანს.
დანიელს თორმეტი წელი რომ შეუსრულდა, თვითონ დატოვა მშობლიური სახლი და მონასტერს მიაშურა.
რამდენიმე წლის შემდეგ წმიდა დანიელმა საღვთო ჩვენებით იხილა ღრუბლებზე მაღლა აზიდული სვეტი, რომელზეც იმჟამად უკვე ამსოფლიდან გასული ღირსი სვიმეონი იდგა. მან ღირს დანიელს თავისთან მოუწოდა. ეს ხილვა ნეტარმა დანიელმა უფლის მოწოდებად ჩათვალა, თრაკიის უდაბნოს მიაშურა და მესვეტეობის ღვაწლი იტვირთა. ღირსი დანიელის ლოცვით ადამიანები სულიერ და ხორციელ სნეულებათაგან იკურნებოდნენ, უნაყოფო დედებს შვილები ეძლეოდათ. ღირს დანიელთან იმპერატორები, ლეონ I (457-474) და ზენონიც (475-491) ხშირად მიდიოდნენ. აღსანიშნავია, რომ უფლის რჩეულმა წინასწარ განჭვრიტა კონსტანტინოპოლში გაჩენილი დიდი ხანძარი და ბერძნების გამარჯვება ვანდალებზე. ღირსმა დანიელმა საკუთარი აღსასრულის მოახლოებაც წინასწარ იგრძნო და ამის შესახებ თავის მოწაფეებს აუწყა. ამ უკანასკნელთაგან ურჩეულესნი ღირსნი შეიქნენ, ეხილათ, თუ როგორ მიეახლნენ მათ მოძღვარს მიცვალებამდე სამი დღით ადრე წინასწარმეტყველები და მოციქულები. ღირსი მამა ქრისტეს ცხოველმყოფელ სისხლსა და ხორცს ეზიარა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს. ამ დროს ცაზე სამი ჯვრის ფორმის ვარსკვლავი გაბრწყინდა, რომლებიც დღის სინათლეზეც ცხადად იხილვებოდა. ისინი ნეტარი დანიელის სვეტს დაჰნათოდნენ მანამ, სანამ ღირსი მამა იმავე სვეტის ძირში მიწას არ მიაბარეს. ეს მოხდა 489-490 წლებში, ნეტარის სვეტზე ასვლიდან ოცდაცამეტი წლის შემდეგ.
საეკლესიო კალენდარი: 22 დეკემბერი
წმიდა მოწამე მირაქსი
წმიდა მოწამე მირაქსი ეგვიპტეში დაიბადა VII საუკუნეში. ქრისტიანმა მშობლებმა იგი ღვთისმოშიშებით აღზარდეს, მაგრამ შემდეგ ეშმაკის ცთუნებას აჰყვა, ქრისტიანობა უარყო, ეგვიპტის ამირასთან გამოცხადდა, მახვილი აიღო ხელში და სარკინოზთა სამსახურში ჩადგა. მშობლები ძალიან წუხდნენ ძის საშინელი დაცემის გამო და მხურვალედ ლოცულობდნენ მისთვის. მაშინ ღვთის მადლმა გონება გაუნათა მირაქსს: მან წრფელი გულით შეინანა თავისი დიდი შეცოდება და შინ დაბრუნდა. მშობლებმა ნეტარს ურჩიეს, ქრისტეს საჯარო გმობა მისი საჯარო აღიარებით გამოესყიდა. წმიდა მირაქსი ასეც მოიქცა. მმართველის ბრძანებით იგი სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს და ზღვაში მოისროლეს (+არა უგვიანეს 640 წლისა). ღვთის ნებით, წმიდანის თავი ტალღებმა ნაპირზე გამორიყა. ქრისტიანებმა ძვირფას ლუსკუმაში ჩააბრძანეს ეს სიწმიდე, რის შემდეგაც მისგან სურნელოვანი მირონის დენა დაიწყო.
წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე
წმიდა მოწამენი: აკეფსი და აითალე სპარსელები იყვნენ. აკეფსი ქალაქ არბელის წარმართი ქურუმი იყო. ქრისტიანი ეპისკოპოსის ლოცვით იგი სასწაულებრივ განიკურნა სნეულებისაგან, რის შემდეგაც ირწმუნა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. ამისთვის აკეფსი საპყრობილეში ჩააგდეს. მალე აქ გამოამწყვდიეს არბელის ეკლესიის დიაკონი, წმიდა აითალეც. მოწამეები მმართველის წინაშე წარადგინეს, სადაც მათ კვლავ გაბედულად აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. მაშინ უსჯულო ხელისუფლის ბრძანებით უფლის რჩეულებს თავი მოკვეთეს.
ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე
ღირსი ლუკა, ახალი მესვეტე მხედარი იყო იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის (912-959) დროს. ბულგარელებთან ომში (915 წ.) ღვთის განგებით, ლუკა ცოცხალი გადარჩა, რის შემდეგაც ბერად აღიკვეცა და ხუცესად აკურთხეს. სულიერი სრულყოფის მაძიებელმა მამამ ბორკილები აისხა და სვეტზე შედგა. სამი წლის შემდეგ, ღვთის შთაგონებით, იგი ოლიმპოს მთაზე გადავიდა, შემდეგ - კონსტანტინოპოლში, ბოლოს კი - ქალკედონში, სადაც კვლავ სვეტი მოიძია და მასზე ორმოცდახუთი წელი მოღვაწეობდა. უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა თავის რჩეულს, ბოლოს კი, დაახლოებით 980 წელს, მშვიდობით შეივედრა მისი სული.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით