თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ახლოვდება ახალი წელი და დიასახლისები გამალებული ცდილობენ საახალწლო სუფრისთვის როგორც ტრადიციული საცივ-გოზინაყის, ისე უცხო კერძების რეცეპტების მოძიებას.
ამასთან, ყველას სურს ისეთ სადღესასწაულო კერძს მიაგნოს, რომელიც მის წონაზე არ აისახება — რამდენიც უნდა მიირთვას.
ქვემოთ გთავაზობთ ინდაურის ფილესგან მომზადებული უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც თავისი არომატითა და სინაზით მართლაც დაგატყვევებთ.
რაც მთავარია, ისე მარტივად მზადდება, რომ დაღლასაც ვერ იგრძნობთ.
თქვენ დაგჭირდებათ:
ინდაურის ფილე — 600 გ;
ლიმონი — 1 ცალი;
მწვანე ხახვი — 4 ძირი;
ზეითუნის ზეთი — 2 სუფრის კოვზი;
ბოსტნეულის ბულიონი — 100 მლ;
თაფლი — 1 სუფრის კოვზი;
მარილი და წიწაკა — გემოვნებით.
მომზადების წესი
გახეხეთ ლიმონის კანი და გამოწურეთ მისგან წვენი;
წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი;
მოასხით ტაფას ზეითუნის ზეთი, დააყარეთ ლიმონის გახეხილი კანი და მწვანე ხახვი;
ოდნავ რომ მოიშუშება, მოალაგეთ ინდაურის ფილე და მსუბუქად დაბრაწეთ;
ამის შემდეგ დაასხით ბოსტნეულის ბულიონი, დაამატეთ ლიმონის წვენი და თაფლი;
კარგად მოურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე;
როგორც კი წამოდუღდება, დაახურეთ ტაფას ხუფი, დაუწიეთ ცეცხლს და თუშეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.
შეგიძლიათ სუფრაზე მიიტანოთ გარნირთან ერთად, ჩაალაგოთ ბაჟეში ან ლამაზად გააფორმოთ სალათის ფურცლებითა და სხვა ბოსტნეულით.