თბილისი, 23 დეკემბერი – Sputnik. გვიან ღამით ორგანიზაცია „ალტ ინფოს“ ბაზაზე შექმნილი „კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო თბილისში მერიის შენობასთან აღმართული ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს.
მომხდარის შესახებ მახარაძემ და მარტინენკომ სამართალდამცავებს თავად აცნობეს. ისინი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.
კონსერვატორების ლიდერებმა თავიანთი საქციელი ახსნეს სოლიდარობით თავიანთი მხარდამჭერისა და აქტივისტის, ლაშა შარუხიას მიმართ, რომელიც ცოტა ხნის წინ მცხეთაში ევროკავშირის დროშის დაწვის შემდეგ დააკავეს. მას ბრალი ედებოდა „სახელმწიფო ქონების სოციალურად საშიში გზით განადგურებაში“. დანაშაული სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შარუხიამ ევროკავშირის დროშა მას შემდეგ დაწვა, რაც 14 დეკემბერს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ირაკლი მარტინენკო დააჯარიმეს, ხოლო ზურაბ მახარაძის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია შარუხიას დაკავების შესახებ, სოციალურ ქსელებში გაჩნდა „კონსერვატიული მოძრაობის" მხარდამჭერების ათობით ვიდეო, მათ შორის ანაფორიანი ადამიანების, რომლებიც კამერის წინ ევროკავშირის დროშას წვავდნენ.
2022 წლის იანვრიდან ევროკავშირისა და ნატოს დროშების შეურაცხყოფისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 1 ათასი ლარის ოდენობით, განმეორებითი სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებულია 2 ათასი ლარის ჯარიმა ან 15 დღიანი პატიმრობა.