თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. ფესტივალ „ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბრიუსელში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელკებულ ინფორმაციაში.
კულტურის ფესტივალი „ევროპალია" ბელგიაში 1969 წლიდან სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. ფესტივალის დასახელება გაჩნდა სიტყვების შეერთებით – „ევროპა" და „ოპალია" (ლათ. opalia - ძველ რომში უხვი მოსავლის დღესასწაული). წელს ფესტივალი 4 ოქტომბერს დაიწყო და 2024 წლის 14 იანვრამდე გასტანს.
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბრიდან 2024 წლის თებერვლის ჩათვლით, ბელგიასა და მის მოსაზღვრე ქვეყნებში 60-მდე მასშტაბური და მრავალფეროვანი ღონისძიება იმართება.
კამპანიის ფარგლებში, ბელგიის დედაქალაქის საზოგადოებრივ ტრანსპორტში საქართველოს ტურისტულად მიმზიდველი ადგილების შესახებ ბანერები განთავსდა. ავტობუსები და ტრამვაი საქართველოს სარეკლამო ფოტოებით გაფორმდა. ბრიუსელის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ლედეკრანები და სტატიკური ბანერი განთავსდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, ბრიუსელის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია ევროპაში, რომელმაც გასულ წელს 19 მილიონამდე მგზავრი მიიღო.
ბელგიაში მიმდინარე კამპანიის მიზანია ევროპის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის გაზრდა, ტურისტული პროდუქტების წარდგენა და უცხოელი ტურისტებისმოზიდვა.
„ევროპალია-საქართველოს“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართული კულტურის საზოგადოებისთვის წარდგენისა და ევროინტეგრაციის ხელშეწყობისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
ფესტივალ ,,ევროპალია-საქართველოს” სტუმრებს საშუალება აქვთ, გაიცნონ საქართველოს როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე კულტურული მრავალფეროვნება.
ევროპის საზოგადოებას ოთხი თვის განმავლობაში შესაძლებლობა აქვს იხილოს ეროვნული საგანძურის ორი მასშტაბური და ისტორიული მნიშვნელობის გამოფენა - „ავანგარდი საქართველოში - 1900-1936“ (ბრიუსელის ნატიფი ხელოვნების ცენტრ „ბოზარში“) და „საქართველო - შეხვედრების ადგილი“ (ბრიუსელის ისტორიისა და ხელოვნების სამეფო მუზეუმში).
გამოფენების გარდა ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია – გაიმართება სხვადასხვა ღონისძიება, რომელთა შორისაა გამოფენები, სპექტაკლები, კონცერტები, საცეკვაო და თეატრალური წარმოდგენები, ასევე ლიტერატურული საღამოები.