მეტი შესაძლებლობები: საქართველოში ზამთრის სათხილამურო სეზონი გაიხსნა

ამჟამად საქართველოში 28 განახლებული საბაგირო გზა მოქმედებს.
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 20 დეკემბერს ზამთრის სათხილამურო სეზონი ოფიციალურად გახსნა – საზეიმო ღონისძიება გუდაურში გაიმართა.
მინისტრის თქმით, გუდაური ზამთრის სეზონს ორი ახალი საბაგირო კომპლექსითა და სამი ახალი ტრასით ხვდება. ორი დამოუკიდებელი საბაგიროს გამტარუნარიანობა 1.800–დან 2.400 ადამიანამდე აღწევს ერთ საათში.
„ჩემთვის დიდი პატივია, მოგილოცოთ ზამთრის ახალი სათხილამურო საკურორტო სეზონის გახსნა. ძალიან საამაყოა, რომ ჩვენ ამ სეზონის გახსნას ვხვდებით განახლებული ინფრასტრუქტურით გუდაურში“, – განაცხადა დავითაშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო ზამთრის ახალი სეზონისთვის სრულად არის მობილიზებული და მომზადებული.
როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, მთავრობამ 2012 წელს მთის რეგიონები ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადა, რის შემდეგაც ქვეყნის კურორტების გასაუმჯობესებლად რიგი ღონისძიებები დაიწყო.
ბოლო წლების განმავლობაში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებაში სახელმწიფომ 800 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ამჟამად საქართველოში 28 ახალი საბაგირო გზა მოქმედებს.
„ასევე, სიახლეა სათხილამურო არეალების მხრივაც; უკვე არსებულ ტრასებს ჩაუტარდა რეაბილიტაცია და ამასთან, 70 კმ სიგრძის ტრასას 6 კმ სიგრძის სრულიად ახალი სათხილამურო არეალი ემატება“, – განაცხადა დავითაშვილმა და დასძინა, რომ მთის კურორტების განვითარება გაგრძელდება.
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ 2023 წელი გამორჩეულია საქართველოსთვის – ბაკურიანში ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში სნოუბორდსა და ფრისკიში.
მინისტრის თქმით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ (FIS) მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში ყოველ წელს ჩატარდეს მსოფლიო თასის ეტაპები. „ეს ყველაფერი ჩვენი ზამთრის კურორტების ცნობადობას კიდევ უფრო აამაღლებს“, – განაცხადა დავითაშვილმა.