ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში - ახალი მონაცემები

2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა
Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 2022 წლის 11 თვის მონაცემებთან შედარებით 7,7%-ით შემცირდა და 12,4 მლრდ კვტ სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) ვებგვერდზე არსებულ მონაცემებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოს გენერაციამ 13,2 მილიარდი კვტ სთ შეადგინა - 0,7%-ით მეტი 2022 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით.
გამომუშავებული ენერგიის დიდი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 10,1 მილიარდი კილოვატ/საათი. თბოელექტროსადგურებმა გამოიმუშავეს 3,1 მილიარდი კვტ სთ, ხოლო ქართლის ქარის ელექტროსადგურმა 79,83 მილიონი კვტ სთ გამოიმუშავა, იტყობინება ESCO.
2023 წლის დასაწყისიდან საქართველომ ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი განახორციელა.
წყალქვეშა ენერგოკაბელი საქართველოს ელექტროენერგიის ნეტოექსპორტიორად აქცევს – დავითაშვილი >>
ოპერატორის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტი 51,2%-ით გაიზარდა და 1,5 მილიარდი კილოვატ/საათი შეადგინა. ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში გადიოდა, რამაც მთლიანი ექსპორტის 88,8% შეადგინა. მეზობელ ქვეყანაში 1,3 მილიარდი კილოვატი ელექტროენერგია გავიდა.
ასევე, საანგარიშო პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანში (86,33 მლნ კვტ სთ), სომხეთში (78,46 მლნ კვტ სთ) და რუსეთში (0,18 მლნ კვტ სთ).
გარდა ამისა, იანვარ-ნოემბერში საქართველომ მეზობელი ქვეყნებიდან შემოიტანა იმპორტი - რუსეთიდან (678,4 მლნ კვტ სთ) და აზერბაიჯანიდან (3,29 მლნ კვტ სთ).
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 70%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით. გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.