მსოფლიო დღეს

ტრამპის შტაბი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ გაასაჩივრებს

Sputnik
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბი მცდარად მიიჩნევს კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც ექსპრეზიდენტს შტატის პრაიმერიზებში მონაწილეობას უკრძალავს და ამასთან არ უშვებს მისი სახელის შეტანას საარჩევნო ბიულეტენებში, და აპირებს გაასაჩივროს იგი.
ამის შესახებ საარჩევნო შტაბის სპიკერმა სტივენ ჩუნგმა განაცხადა.
„კოლორადოს უზენაესმა სასამართლომ მიიღო სრულიად მცდარი გადაწყვეტილება და ჩვენ დაუყოვნებლივ გავასაჩივრებთ მას აშშ-ის უზენაეს სასამართლოში. პარალელურად მოვითხოვთ ამ ღრმად არადემოკრატიული გადაწყვეტილების შეჩერებას“, — აღნიშნა ჩუნგმა.
ტრამპის საარჩევნო შტაბის სპიკერი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის უზენაესი სასამართლო სწრაფად გამოიტანს გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ, რაც „ბოლოს მოუღებს ამ ანტიამერიკულ სარჩელებს“.
მანამდე კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ადგილობრივ პრაიმერიზებში მონაწილეობა აუკრძალა. სწორედ ამ პრაიმერიზებმა უნდა განსაზღვროს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, არსებობს მტკიცებულებები, რომ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის ამბოხში. იქვე ზუსტდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეფუძნება, რომელიც ამბოხში მონაწილე პირებს სახელმწიფო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
წყარო: CNN