დღევანდელი მასალის გმირი ამერიკაში მცხოვრები წარმატებული მხატვარი და არქიტექტორი ანა ქურციკიძეა. თბილისში სამხატვრო აკადემია დაამთავრა. ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში შეძლო, რომ საქართველოში კომპანიონთან ერთად არქიტექტურული კომპანია გაეხსნა. შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდა და წარმატებული პრაქტიკული საქმიანობა იქ გააგრძელა. ამას გარდა, თავისი ნახატებით გამოფენებშიც იღებს მონაწილეობას.
- თქვენმა ნახატებმა ჯერ კიდევ აკადემიაში ჩაბარების დროს მიიქცია ყურადღება...
- 2003 წელს წარმატებით ჩავაბარე აკადემიაში, სხვათა შორის, მაშინ ჩემმა ნახატებმა საკმაოდ მაღალი ქულები დაიმსახურა. ასე დაიწყო ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილი- სტუდენტობა სამხატვრო აკადემიაში. სწორედ მაშინ მოხდა, რომ სამყარო სხვა თვალით, ფორმით და ფერებით დავინახე. მაგ პერიოდში ვიმოგზაურე საქართველოში, გავეცანი და შევისწავლე ქართული ხელოვნების ისტორია, ხუროთმოძღვრება, ორნამენტები, ფერწერა, გრაფიკა, ქსოვილი და დიზაინი. სტუდენტობის დროს ქსოვილის შექმნა-დამუშევებასა და კოსტიუმების დიზაინზეც ვმუშაობდი. მაშინ მქონდა პატარა ბიზნესი, სახელოსნო, სადაც თექისა და ბატიკის ნამუშევრებს ვაკეთებდით და საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა გამოფენებზე გაგვქონდა.
- ფაკულტეტი როდის შეიცვალეთ და რატომ?
-ინტერიერის დიზაინის სპეციალობიდან არქიტექტურაზე მოგვიანებით გადავედი. იმ პერიოდში გამიჩნდა სწრაფვა რაღაც უფრო დიდისა და მასიურისკენ, რაც სიძლიერეს გამოხატავს. ამისთვის საკმაოდ რთულ პროფესიას შევეჭიდე. დავამთავრე მაგისტრატურა და სწავლა დოქტორანტურაში გავაგრძელე. სწორედ იმ პერიოდში თბილისის მერიას ახალგაზრდა არქიტექტორების სტაჟირების კონკურსი ჰქონდა გამოცხადებული. განაცხადი შევიტანე და 4500 მსურველიდან 19 შერჩეულ კანდიდატს შორის აღმოვჩნდი. ასე გავხდი თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის სპეციალისტი. ამ სამსახურმა პროფესიულად გამზარდა. არქიტექტურის სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე არქიტექტორად.
- კერძო კომპანია როდის გახსენით?
- 22 წლის ასაკში მე და ჩემმა კომპანიონმა დავარეგისტრირეთ არქიტექტურული კომპანია „ვიზუალ არტ სტუდიო“. დამოუკიდებლად მუშაობამ კიდევ უფრო დიდი გამოცდილება შემძინა, ვთანამშრომლობდით ისეთ დიდ კომპანიებთან, როგორებიცაა „თიბისი ბანკი“, „მაკდონალდსი“, „ლისი დეველოპმენტი“, მაღაზიათა ქსელი „ზღაპარი“ და სხვ.
- ვიცი, რომ თქვენი მეუღლეც არქიტექტორია და მასთან ერთად მნიშვნელოვან პროექტებზე მუშაობთ...
- დიახ, ჩემი მეუღლე ვანო ზაქაიძეც არქიტექტორია. მე და ჩემი მეუღლე The Big Apple-ში, ასე ეძახიან ნიუ-იორკ-სითის არქიტექტორებად ვმუშაობთ. ორი სამსახური გვაქვს. რამდენიმე წელია ასევე ვმუშაობთ ერთ-ერთ დიდი გამოცდილების მქონე საშუალო ზომის არქიტექტურულ ფირმაში Bricolage Designs. ორი წლის წინ დავაარსეთ კერძო პატარა კომპანიაც, სადაც შეკვეთებს ვიღებთ. მე ასევე ერთდროულად რამდენიმე პროექტზეც ვმუშაობ. შემიძლია ვთქვა, რომ აქ ყველაფერი კანონების მიხედვით კეთდება. ზოგჯერ ისიც მგონია, რომ უფრო იურისტი ვარ, ვიდრე არქიტექტორი.
- ამერიკაში როდის გადახვედით საცხოვრებლად?
- 2014 წელს მეუღლესა და მშობლებთან ერთად ამერიკაში, ნიუ-იორკში ჩამოვედით. მე და ჩემი მეუღლე ბოლო დღემდე ვფიქრობდით წამოვსულიყავით თუ არა, იმიტომ რომ თბილისში არაფერი გვაკლდა. ნიუ-იორკში ვიზის დამთავრებიდან ერთი დღით ადრე ჩამოვფრინდით. ამ მეგაპოლისით თავიდან არ მოვიხიბლე, უფრო მეტს მოველოდი. ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ აქეთ წამოსვლა დიდად არ მინდოდა, თანაც, ამას დაემთხვა ცივი ამერიკული ზამთარი და ამან უარყოფითი დამოკიდებულება კიდევ უფრო გამიმძაფრა. თუმცა სიტუაციას მაინც არ დავნებდით და სამსახურის ძებნა ჩვენი პროფესიით გავაგრძელეთ. უკვე რამდენიმე თვეში სამსახურიც ვიპოვეთ. ერთ-ერთ არქიტექტურულ კომპანიაში გასაუბრებაზე ორივე დაგვიბარეს. ჯერ ვანო მიიღეს არქიტექტორად, რამდენიმე კვირაში კი სამსახური მეც შემომთავაზეს.
- როგორი თქვენი სიყვარულის ისტორია?
- მე და ჩემს მეუღლეს ერთმანეთთან დიდი სიყვარული გვაკავშირებს, ის ჩემი მეორე ნახევარია, მე კიდევ მისი. ინგლისურ სიტყვას მოვიშველიებ, ის არის ჩემი Soulmate -ანუ ჩემი სულის მეგობარი. ჩვენ ყოველ დილით ერთად მივდივართ სამსახურში, სადაც გვერდიგვერდ ვსხედვართ. ხშირად რომელიმე კონკრეტულ პროექტზე გუნდური მუშაობაც ერთად გვიწევს. საღამოს ერთად ვბრუნდებით სახლში, სადაც ჩვენი ქალიშვილი, პატარა პრინცესა ელისაბედი გველოდება. ვანო საუკეთესო მეუღლე და მამაა. ძალიან სულგრძელი და თავმდაბალია, ამიტომ ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. სწორედ ამ სიყვარულმა და გვერდში დგომამ გადამატანინა ბევრი რამ ცხოვრებაში და ბევრი რამისთვის მიმაღწევინა.
ნინო მამულაშვილი