თბილისი, 20 დეკემბერი - Sputnik. თბილისის წყალმომარაგების კომპანიამ Georgian Water and Power (GWP) კომპანია „რუსთავის წყალთან“ გაერთიანების პროცესი ოფიციალურად დაასრულა და ახლა რუსთავის წყალმომარაგებასაც განახორციელებს.
ორი კომპანიის გაერთიანების შედეგად კომპანია „რუსთავის წყალმა“, რომელიც რუსთაველების კრიტიკის ობიექტი არაერთხელ გამხდარა სისტემაში ხშირი ავარიების გამო, არსებობა შეწყვიტა. ახლა რუსთავის მცხოვრებლები ოფიციალურად GWP-ს აბონენტები გახდნენ.
„ქალაქ რუსთავის მოსახლეობის მაღალი ხარისხის სასმელი წყლით 24 საათიან რეჟიმში უზრუნველყოფას „ჯივიპი“ გააგრძელებს. კომპანია მომხმარებლებს როგორც წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების, ასევე ახალ აბონენტად რეგისტრაციასთან დაკავშირებით სრულ მომსახურებას გაუწევს“, - აღნიშნულია GWP-ს განცხადებაში.
ყველა სერვის-ცენტრი რუსთავში გააგრძელებს მუშაობას, მაგრამ ახალი სახელით.
კომპანიამ ნოემბერში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო სისტემების აუდიტი დაასრულა. ჩატარებული აუდიტის შედეგების გათვალისწინებით, კომპანიამ წარადგინა განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას.
როგორც „ჯივიპის“ ახალმა გენერალურმა დირექტორმა, ხოსე მიგელ სანტოსმა ამას წინ განაცხადა, თბილისის, რუსთავის და მცხეთის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაშია და საჭიროებს სასწრაფო რეაგირებას - განვითარების გრძელვადიანი გეგმის შემუშავებას და ფართომასშტაბიან ინვესტიციებს.
გეგმის განხორციელების ფარგლებში შემცირდება წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელზე ავარიების რიცხვი, შემცირდება წყალმომარაგების შეზღუდვების ხანგრძლივობა და გათიშვის არეალი, გაიზრდება ქსელების განახლების ინდექსი, ასევე გაიზრდება ოპერატიულობა, გამარტივდება და გაციფრულდება სამომხმარებლო სერვისები.
ამ ეტაპისთვის კომპანიაში უკვე არსებობს კონკრეტული მოკლევადიანი და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საოპერაციო მიმართულებებით.
2022 წლის იანვარში Aqualia-მ საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის" შვილობილი კომპანიის Georgia Global Utilities-ის (GGU) 180 მლნ დოლარად 80%-იანი წილი შეისყიდა, რომელსაც წყალგამანაწილებელი კომპანია Georgia Water & Power (GWP) ფლობს.
კომპანია ახორციელებს თბილისის, რუსთავისა და მცხეთის წყალმომარაგების სრულ ციკლს და 1,5 მილიონზე მეტ ადამიანს ემსახურება. Aqualia ამ დროისთვის საქართველოში უმსხვილესი დარგობრივი ინვესტორია და ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია წყალმომარაგების სფეროში.
Global Water Intelligence–ის ბოლო რეიტინგით (2021 წლის მარტი), Aqualia წყლის რესურსების მართვის კუთხით ევროპაში სიდიდით მეოთხე კომპანიაა და მეცხრე მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობის მხრივ, რომელსაც ის ემსახურება.
ამჟამად Aqualia დაახლოებით 30 მლნ ადამიანს ემსახურება 17 ქვეყანაში: ალჟირი, არაბთა საამიროები, კოლუმბია, ჩილე, ჩეხეთი, ეკვადორი, ეგვიპტე, საფრანგეთი, იტალია, მექსიკა, ომანი, პორტუგალია, კატარი, რუმინეთი, საუდის არაბეთი, ესპანეთი, ტუნისი.
2020 ფინანსურ წელს კომპანიის შემოსავალმა შეადგინა 1,2 მილიარდი ევრო, ხოლო ბიზნეს პორტფელმა - 15 მილიარდ ევროზე მეტი. კომპანიის კაპიტალის მფლობელია FCC Citizen Services Group (51%) და ავსტრალიური ეთიკური ფონდი IFM Investors (49%).