ილია მეორე: სიმბოლურია, რომ ოთარ იოსელიანის ნეშტი მშობლიურ მიწას მიებარა

1980-იანი წლებიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ცნობილი კინორეჟისორის, საქართველოს სახალხო არტისტის ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა.
89 წლის ოთარ იოსელიანი კვირას, 17 დეკემბერს თბილისში გარდაიცვალა, იგი ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით, დღეს დაკრძალეს.
„დიდად ვწუხვართ მსოფლიო დონის ქართველი რეჟისორის, უდიდესი ხელოვანის, ბატონ ოთარ იოსელიანის გარდაცვალების გამო. მართალია, მან ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, მაგრამ სამშობლოზე ზრუნვა ყოველთვის მისი ცხოვრების მიზანს წარმოადგენდა", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილშია აღნიშნული, იოსელიანი თავისი შემოქმედებით ისეთ თემებზე ამახვილებდა ყურადღებას, რაც იმ დროის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი იყო და იუმორნარევი რეალობის მისთვის დამახასიათებელი ხელწერით ამბობდა სათქმელს.
„ბატონ ოთარის უნიკალურმა ხედვამ და სტილმა, სიკეთისა და მარადიული ადამიანური ღირებულებების დამკვიდრების სურვილით აღბეჭდილმა მისმა შემოქმედებამ, გამორჩეული წვლილი შეიტანა არა მხოლოდ ქართული, არამედ ევროპული და მსოფლიო კინოსა და კულტურის საგანძურში", - ნათქვამია განცხადებაში.
ოთარ იოსელიანს ვაკის სასაფლაოზე დაკრძალავენ>>>
ოთარ იოსელიანი 1980-იანი წლებიდან საფრანგეთში ცხოვრობდა და მუშაობდა.
რეჟისორი 1934 წელს თბილისში დაიბადა. 1962 წელს გადაიღო პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „აპრილი". 1966 წელს გადაღებულმა სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო ფილმმა „გიორგობისთვე“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე კინოპრესის ჯილდო მიიღო. 1976 წელს იოსელიანს სურათისთვის „პასტორალი“ ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჯილდო გადაეცა.
მაყურებლისთვის ასევე ცნობილია მისი ფილმები „მთვარის ფავორიტები", „და იქმნა ნათელი", „ზამთრის სიმღერა" და სხვ.
2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“ წარადგინეს. 2011 წელს ოთარ იოსელიანმა მიღწევებისთვის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალზე CineMerit-ის ჯილდო მიიღო.