თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფების ზრდა არ იგეგმება, - განაცხადა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
საქართველოს უმეტეს რაიონებში 1 კუბური მეტრი ბუნებრივი აირი საყოფაცხოვრებო სექტორისთვის დაახლოებით 57 თეთრის ნიშნულზე რჩება. თბილისის ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის" გაზის ტარიფი საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის 53,9 თეთრს შეადგენს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, მომხმარებლებისთვის მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობიდან გამომდინარე სამი ტარიფი მოქმედებს.
„ჩვენ დავადგინეთ ხუთწლიანი ტარიფები ელექტროენერგიაზე 2020 წლის ბოლოს, ეს ტარიფები არის უცვლელი. გასული წლის ბოლოს ბუნებრივ აირზე დავადგინეთ ხუთწლიანი ტარიფი. შესაბამისად, არც ელექტროენერგიის, არც ბუნებრივი აირის ნაწილში ტარიფების ზრდას კომისია არ გეგმავს“, - განაცხადა ნარმანიამ პრესცენტრ „მედიაცენტრ მთავარის“ ეთერში.
საქართველოში ელექტროენერგიაზე ტარიფი მოხმარებულ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. თბილისისთვის მინიმალური ტარიფი 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 18,041 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 22,053, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,537 თეთრი. რეგიონებისთვის 101 კვტ/სთ-მდე ენერგიის მოხმარებისას არის 17,731 თეთრი, 301 კვტ/სთ-მდე – 21,707, ხოლო 301 კვტ/სთ-ის ზემოთ – 26,227 თეთრი.
საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) მონაცემების თანახმად, საქართველოში 2022 წელს მოიხმარეს 14,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია, რაც 3,8%-ით მეტია 2021 წელთან შედარებით.
გასულ წელს საქართველოში საკუთარი გამომუშავება 14,2 მლრდ კვტ/სთ იყო, რაც 12,7%-ით მეტია, ვიდრე 2021 წელს.
გაზრდილი მოთხოვნის გამო საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტის შევსება ხდებოდა მეზობელი ქვეყნებიდან განხორციელებული იმპორტის ხარჯზე. იმპორტმა 1,5 მლრდ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა.