ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა

პრემიერი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ადამიანების ღვაწლის დაფასებას, რომლებიც სახელმწიფო სამსახურში არიან.
Sputnik
თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საჯარო მოხელეებს პროფესიული დღე მიულოცა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში საჯარო მოხელის პროფესიული დღე 2017 წლიდან აღინიშნება. მის მიზანს წარმოადგენს საჯარო სამსახურის ძირითადი მამოძრავებელი ძალის, პროფესიული საჯარო მოხელის მნიშვნელობის წარმოჩენა.
„თქვენ ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ეკონომიკურ წინსვლაში, სოციალური თუ საგარეო-პოლიტიკური მიმართულებებით პროგრესში", - ნათქვამია განცხადებაში.
პრემიერის თქმით, იგი განსაკუთრებით აფასებს საჯარო მოხელეების შრომას, რომელიც მათ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გასწიეს, რამაც დიდწილად განაპირობა ქვეყნის ისტორიული წარმატება - ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება.
მთავრობის მეთაურმა საჯარო სამსახურში დასაქმებულებს წარმატებები უსურვა.