თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი მცენარეების მოპოვებასა და ტრანსპორტირებაზე კონტროლი მკაცრდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში.
ეროვნული სატყეო სააგენტო კამპანიას - „ ნუ მოჭრი ნაძვს“ კვლავ აგრძელებს, რომლის მიზანია ბუნებრივი ნაძვისხის მოჭრის პრევენცია და ბუნების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
უწყების ცნობით, წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე ჯარიმა პირველი ჯერზე 2 ათას ლარამდე, ხოლო გამეორების შემთხვევაში 5 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრება, რასაც გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობა ემატება. თუ ზიანის ოდენობა 1 ათას ლარს აჭარბებს, პირის მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება.
წიწვოვანი ხე-მცენარეების კანონიერად მოპოვება შესაძლებელია სანერგეებში, პლანტაციებში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ასევეა იმპორტირება.
კანონიერად მოპოვებული ხე-მცენარეების რეალიზაციის შემთხვევაში, რეალიზატორმა უნდა წარმოადგინოს ხე-მცენარის კანონიერად ფლობის დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტი.
თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია გასცემს.